logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიის განახლება 7 წელი გაგრძელდება - პროექტი მომავალი წლის მარტში დაიწყება

 თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიის განვითარება და დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგმება.

როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია "სითიზენის" დირექტორმა გოგა მაჭავარიანმა „ბიზნესპარტნიორის“ეთერში განაცხადა, სამუშაოები მომავალი წლის მარტიდან დაიწყება, ხოლო პროექტი შვიდ წელიწადში დასრულდება. 

„ვფიქრობთ, რომ სრული პროექტი დაახლოებით შვიდ წელს გაგრძელდება. მომავალი წლის მარტიდან უკვე პირველი ბლოკის მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ, რომელიც სტანისლავსკის ქუჩის მხარეს მდებარეობს. ამის შემდეგ, როცა ახალი პავილიონის მშენებლობას დავასრულებთ, რომელიც გაორმაგებული სიმაღლითა და ზომით იქნება წარმოდგენილი, უკვე სამტრედის ქუჩის მხარეს გადავალთ. შვიდი წლის განმავლობაში ტერიტორია ეტაპობრივად განვითარდება და მიიღებს იმ საბოლოო სახეს, რომელიც დღეს დაგეგმილი გვაქვს“, - განაცხადა გოგა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, პროექტი მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 18%-ზე განხორციელდება.

„იდეა ყოველთვის ერთი იყო- პარკი დარჩენილიყო ისე, როგორც არის და მომხდარიყო მისი რეაბილიტაცია. ასევე, ადგილზე არსებული ყველა ისტორიული პავილიონი უნდა შენარჩუნებულიყო და მომხდარიყო მათი რეაბილიტაცია-განახლება. გვსურდა, „ექსპო ჯორჯიაში“ ახალი სიცოცხლე შეგვეტანა და გაგვეორმაგებინა ყველაზე დიდი პავილიონი, რათა ტერიტორიაზე უფრო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ყოფილიყო შესაძლებელი.

მართლაც, ამაყები ვართ, რომ ეს ყველაფერი შევძელით. გარდა იმისა, რომ მწვანე საფარს ვინარჩუნებთ, დამატებით კიდევ 10 ათას კვადრატულ მეტრ რეკრეაციულ სივრცეს ვამატებთ, რაც ადამიანებს სეირნობისა და დასვენების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა გოგა მაჭავარიანმა.

პროექტის განხორციელების შემდეგ სივრცე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება არა მხოლოდ დიდუბის მოსახლეობისთვის, არამედ სხვა უბნების მცხოვრებლებისთვისაც.

„ახლა პროექტზე ვმუშაობთ, რომ ახალი კულტურული ელემენტები შემოვიტანოთ. ძველი ხელოვნური ტბა ისე აღვადგინოთ, რომ მასზე წყალმცურავი ფრინველები დაცურავდნენ. რა თქმა უნდა, სივრცე საზოგადოებისთვის ღია იქნება. ჩვენ თვითონ ავიღეთ ეს ვალდებულება და საკანონმდებლო დონეზეც ვალდებულები ვართ, რომ ეს საჯარო სივრცე იყოს“, - განაცხადა გოგა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, პროექტი დამატებით მიზიდულობის ცენტრს შექმნის, რაც მნიშვნელოვანია დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვისაც.

„მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სათანადოდ განუვითარებელი საცხოვრებელი არეალების ჩვენს ტერიტორიასთან ინტეგრირება გვსურს, პირველ რიგში, რათა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. მათი პოზიცია დადებითია - ძალიან უხარიათ, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება. ბევრთან გვაქვს მოლაპარაკება და პროცესიც მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ადამიანი სიხარულით დაგვთანხმდა“, - განაცხადა გოგა მაჭავარიანმა.

მისივე განმარტებით, იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, სადაც განაშენიანება იგეგმება, აუცილებლად დაკმაყოფილდებიან.

„ჩვენი აზრით, ბალანსსა და სინერგიას მივაღწიეთ: ერთი მხრივ, ისტორიული მეხსიერება თავის ადგილზე რჩება, კიდევ უფრო ვითარდება და ახალ სიცოცხლეს იძენს. საბოლოოდ მივიღებთ „ექსპო ჯორჯიას“ სრულად განახლებულ ტერიტორიას, რაც დიდ იმპულსს მისცემს დიდუბის უბნის განვითარებას“, - განაცხადა გოგა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, 22 ოქტომბერს წინასწარი გაყიდვები დაიწყება.

“ალბათ, ჩვენი პროექტების ისტორიაში რეკორდული გამოხმაურება მოჰყვა ამ პროექტს. 22 ოქტომბერს წინასწარი გაყიდვების დაწყებას ვგეგმავთ, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ გამოცხადებულ საბაზრო ფასზე უფრო იაფად შეიძინონ ჩვენთან ბინები”,-განაცხადა გოგა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ექსპო ჯორჯიას“ მფლობელი კომპანია სს „გამოფენების ცენტრია“, რომლის  დირექტორია რესან ქიქავა.  ხოლო  შპს „ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958“ მიმდინარე წლის მაისში დაფუძნდა. 

გამოგვყევით