საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს “5000 IT სპეციალისტის მომზადების მასშტაბური პროგრამის" ფინალურ, მე-5 ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნული ნაკადის ფარგლებში კიდევ 1000 მონაწილე შეძლებს, სახელმწიფოს დაფინანსებით, სრულიად უფასოდ დაეუფლოს ციფრული სექტორის ყველაზე პოპულარულ და პერსპექტიულ მიმართულებებს.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 16 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. პროგრამის მონაწილეებს 14 ტრენინგ-პროვაიდერი გადაამზადებს. ისინი აპლიკანტებს 80-მდე სხვადასხვა კურსს შესთავაზებენ. მეხუთე ნაკადის ფარგლებში მონაწილეებს ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ექნებათ ოთხი ძირითადი მიმართულებით: პროგრამირება; ხელოვნური ინტელექტი; დიზაინი და მართვა/მხარდაჭერა.
რეგისტრაცია შესაძლებელია 1 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ვებგვერდზე - edu.doit.gov.ge.
სასწავლო კურსებზე ჩარიცხვა მოხდება ორეტაპიანი შერჩევის საფუძველზე. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული პირები გაივლიან ონლაინ ტესტირებას, ხოლო ამ ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მეორე, გასაუბრების ეტაპზე გადავლენ. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატები არჩეულ კურსზე ოფიციალურად ჩაირიცხებიან.