პარლამენტმა ქონების გადასახადზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებით, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი უქმდება. ფიზიკური პირები ქონების გადასახადს გადაიხდიან იმ შემთხვევაში, თუ მათი წლიური შემოსავალი 100 ათასი ლარი ან მეტია.
ცვლილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება და სიახლე მიმდინარე წელს შესავსებ ქონების დეკლარაციებზეც გავრცელდება.
აქამდე მოქმედი რეგულაციით, ქონების გადასახადისგან თავისუფლდებოდნენ ოჯახები, რომლების შემოსავალიც 40 000 ლარამდეა. 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის ოჯახებისთვის კი, განაკვეთი იყო 0.05%-დან 0.2%-მდე.
ინიციატორები განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანი გახდა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახების დამატებით საგადასახადო ვალდებულებისგან დაცვა.
ამასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები კიდევ იგეგმება და დღეს მიღებული ცვლილება იმ დიდი კანონპროექტის ნაწილია, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ამზადებს.