"სამადაშვილის ღვინის მარანი" პირველი ექსპორტის განხორციელებას გეგმავს. როგორც მარნის მეღვინე, ანანო ვეკუა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანია გერმანიისა და რუმინეთის ბაზრებზე ღვინის ექსპორტის დაწყებას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, გერმანიაში ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, გერმანული მხარის მხრიდან განსაკუთრებით დიდი ინტერესი თეთრი მშრალი ღვინის მიმართ არის.
„გერმანიაში ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ. მათი მხრიდან თეთრი მშრალი ღვინის მიმართ არის უფრო მეტად ინტერესი. ასევე ვფიქრობთ რუმინეთის ბაზარზე გასვლასაც. ახლა დავიწყეთ მათთან მოლაპარაკება. ჩვენ ხარისხზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, სულ ვცდილობთ, რომ ვენახს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ, კარგი ყურძენი გვქონდეს და ხარისხიანი ღვინო დავაყენოთ. ექსპორტზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ბოთლით ხაზს გავუსვამთ ჩვენს ხარისხსა და შრომას“,- განაცხადა ანანო ვეკუამ.
მისივე ინფორმაციით, „სამადაშვილის ღვინის მარნის“ მიერ წარმოებული ღვინის ფასი დაახლოებით 20 ევროს შეადგენს.
„ჩვენ დაახლოებით 50 000 ბოთლს, ძირითადად მშრალ ღვინოს ვაწარმოებთ. ვაპირებთ, რომ საწარმო კიდევ გავაფართოოთ. სავარაუდოდ, მშენებლობა კიდევ 2 წელი გაგრძელდება“,- განაცხადა ანანო ვეკუამ.
მისი განმარტებით, წელს კახეთში ტურისტების ნაკადი წინა წლების მაჩვენებელს ვერ გაუტოლდა. „ტურისტები არიან ევროპის ქვეყნებიდანაც, რუსეთიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდანაც“, - განაცხადა ანანო ვეკუამ.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ვენახებსა და მევენახეებს მეტი ყურადღება დაუთმოს.
ცნობისთვის, სამადაშვილის ღვინის მარანი გურჯაანის რაიონში სოფელ ჩალაუბანში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 1 წელია ოპერირებს. ამასთან, მარნის ფართობი 900 კვადრატული მეტრია.