WeCharge-ის დამფუძნებლისა და დირექტორის განცხადებით, 9 თვის განმავლობაში, კომპანიამ საქართველოში 1000-ზე მეტი ლოკაცია აითვისა და ამჟამად უკვე 10 ქალაქში არის წარმოდგენილი.
როგორც თათია ხაბეიშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ დილის ეთერში განაცხადა, WeCharge-მა საკმაოდ დიდი ეკოსისტემა შექმნა და ახლა ყველა მომხმარებლისთვის Power Bank-ებით სარგებლობა ხელმისაწვდომია.
"WeCharge-მა საქმიანობა 2026 წლის იანვარში დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში 1000-ზე მეტი ლოკაცია აითვისა. კომპანია უკვე 10 ქალაქში არის წარმოდგენილი. საკმაოდ დიდი ეკოსისტემა შევქმენით. ყველა მომხმარებლისთვის, ყველა ქალაქში, ხელმისაწვდომია Power Bank-ებით სარგებლობა. საწყის ეტაპზე ვიცოდით, რომ ეს მოდელი იმუშავებდა, რადგან მოთხოვნა ნამდვილად არის. ფაქტობრივად, ჩვენი ამოცანაა, გადავჭრათ ყოველდღიური პრობლემა, რომელიც გაჯეტების დამჯდარ ბატარეებთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი ბიზნესი წარმატებულია იქ, სადაც გარკვეულ პრობლემას წყვეტს. აქედან გამომდინარე, დავინახეთ საჭიროება, მომხმარებლის წუხილი და შევქმენით კომპანია, რომელიც ამ გამოწვევას სრულად პასუხობს“,- განაცხადა თათია ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში WeCharge მასშტაბის გაზრდას და ევროპის ბაზარზე შესვლას გეგმავს.
„ევროპის ბაზარი საკმაოდ საინტერესოა, რადგან საკმაოდ დიდია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქვეყნისთვის ევროპაში გამოსაყენებელი პროდუქტი იქნება. აქედან გამომდინარე, ძირითადად ევროპაში ვფიქრობთ მასშტაბის გაზრდას“, -განაცხადა თათია ხაბეიშვილმა.
თათია ხაბეიშვილმა ასევე განმარტა, როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს WeCharge-ით სარგებლობა.
„აპლიკაციით სარგებლობა ძალიან მარტივია - რეგისტრაციას დაახლოებით 10 წამი სჭირდება. მომხმარებელი უკვე ხედავს აპლიკაციაში ყველა იმ ლოკაციას, სადაც ჩვენი სადგურებია განთავსებული. შეუძლია დაასკანეროს სადგურზე განთავსებული QR კოდი და აიღოს Power Bank-ი. მომხმარებელი ჩვენს ყველა წერტილს, ყველა ქალაქში, ჩვენს რუკაზე ხედავს“,- განაცხადა მან.
თათია ხაბეიშვილის განმარტებით, პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, WeCharge-ის, Power Bank-ის ქირაობისას პირველი 30 წუთი ყოველი გააქტიურებისას, ყოველდღე და ყველა მომხმარებლისთვის სრულიად უფასოა.
„ყველა გაქირავებიდან პირველი 30 წუთი არის უფასო. შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ნახოს, როგორ ხდება ამ პროდუქტით სარგებლობა. შესაძლებელია, უფასოდ დატენოს მოწყობილობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და 30 წუთის შემდეგ დააბრუნოს. 30 წუთის შემდეგ ტარიფი არის 3 ლარი ნახევარი საათის განმავლობაში, ხოლო თუ მომხმარებელმა Power Bank მთელი დღის განმავლობაში არ დააბრუნა, მაქსიმალური საფასური 6 ლარია. სურვილი გვქონდა, რომ სერვისი მაქსიმალურად მეტი მომხმარებლისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ფაქტობრივად, ფინანსური ნაწილი ბარიერი არ არის“, - განაცხადა თათია ხაბეიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, WeCharge-ს გაზიარების ფუნქციაც აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს შეუძლია Power Bank, მაგალითად, თბილისში აიღოს და ბათუმში დააბრუნოს.
„ჩვენი ძირითადი სეგმენტი არიან სოციალურად აქტიური პირები, ვისაც მუდმივად უწევთ გადაადგილება, სტუდენტები და ტურისტები. ძირითადად გამოვარჩევდი თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს, სადაც ყველაზე მეტი აქტივობაა, თუმცა სხვა ქალაქებშიც მაღალია გამოყენება“,-განაცხადა თათია ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, დღეისთვის თბილისის მასშტაბით, კომპანიაში 25-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. კომპანია სრულად ქართული კაპიტალით არის შექმნილი.