logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საქართველოში თაფლის მოსავალი განახევრდა" - "პაპალიკო"

საქართველოში თაფლის მოსავალი რეკორდულად შემცირდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „პაპალიკოს“ დამფუძნებელმა გოგა გოგაშვილმა განუცხადა, ქვეყნის მასშტაბით, წელს მეფუტკრეებმა 2000 ტონამდე თაფლის ამოღება შეძლეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 50%-ზე მეტად შემცირებული მაჩვენებელია.

„ცუდმა კლიმატურმა პირობებმა, კერძოდ ხშირმა წვიმებმა, წელს, საქართველოში თაფლის მოსავალი გაანახევრა. მიუხედავად იმისა, რომ დარგში ჩართულმა პირებმა, თაფლის ამოღების სეზონამდე, ყველა პრევენციული ღონისძიება ჩაატარეს, მათ შორის - ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით, ამან შედეგი მაინც ვერ გამოიღო, რადგან უხვმა ნალექმა ეს ინდუსტრია მნიშვნელოვნად დააზარალა“, - განმარტა გოგა გოგაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შემცირებულმა მოსავალმა ზეწოლა იქონია ქართული თაფლის ღირებულებაზე.

„ქართული თაფლის ფასი გაზრდილია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. საბითუმო ბაზარზე ფასების მატება 40%-ის ფარგლებშია და თუ ადრე, 1 კილოგრამი 10 ლარი ღირდა, ახლა უკვე 14 ლარამდე ღირს“, - აღნიშნა კომპანია „პაპალიკოს“ დამფუძნებელმა. 

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, იქ ხარისხის მიხედვით, ქართული თაფლის ფასი 10-დან 20 დოლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირად ღირებული კი - ე.წ  ჯარას თაფლია.

ცნობისთვის, საქართველოში თაფლის მოსავალი რეკორდულად შემცირდა. მიმდინარე წელს, მეფუტკრეებმა მხოლოდ 2000 ტონამდე თაფლის ამოღება შეძლეს, რაც გასულ წელთან შედარებით, 50%-ზე მეტად შემცირებული მაჩვენებელია.

კომპანია "პაპალიკო" ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ბრენდი "პაპალიკო" ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური ალპური (მთის) თაფლის წარმოებაზე. კომპანიის საფუტკრეები კი ყაზბეგშია განთავსებული. 

გამოგვყევით