იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტის ზოგიერთი წამყვანი მკვლევარი სულ უფრო ხშირად გამოდის სკანდალური განცხადებებით, სადაც ტექნოლოგიის უკონტროლო განვითარებას კაცობრიობის არსებობისთვის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს, „ბიზნესპარტნიორი“ დაინტერესდა, თუ რამდენად მაღალია ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა ქართულ შრომის ბაზარზე.
როგორც კომპანია Insource-ის მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძე ამბობს, საქართველოს დასაქმების ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ჯერჯერობით, მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ხდება.
„მე პირადად, მომისმენია ამბავი, რომ მენეჯერმა აღარ დაიქირავა ვიღაც იმიტომ, რომ რაღაცის კონტენტი ხელოვნურმა ინტელექტმა გააკეთა. ასეთი შემთხვევები შეიძლება კიდევ მოვისმინოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად სრულად ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი, მაგალითად, ან იურისტს, ან მარკეტერს, ან ბუღალტერს. ამას სჭირდება კარგი გამოცდილების დაგროვება, გამოცდილებს კი სჭირდება ხელოვნური ინტელექტის წესრიგიანი გამოყენება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შრომის ბაზრის ტრანსფორმაციაზე და იმაზე, ჩაანაცვლებს თუ არა AI სხვადასხვა პროფესიას, ის ქვეყნები, რომლებიც ამ კითხვას სვამენ - იქ ხდება სისტემური და წესრიგიანი გამოყენება, ჩვენს შემთხვევაში კი - ჯერჯერობით, მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვართ“, - განმარტა მედეა ტაბატაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში არის რიგი პროფესიები, სადაც AI უკვე გამოიყენება როგორც დამხმარე ინსტრუმენტი სამუშაო პროცესის გასამარტივებლად. მაგალითისთვის, ასეთი სფეროებია - პროგრამირება, მარკეტინგი, სოციალური მედია და სხვა.
თუმცა, მედეა ტაბატაძე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში, ჯერჯერობით, ხელოვნურ ინტელექტს ადამიანური რესურსი არც ერთ სამუშაო ადგილზე არ ჩაუნაცვლებია.