logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ADB-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6.3%-მდე გაზარდა"

"ADB-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6.3%-მდე გაზარდა"

1790168472

„აზიის განვითარების ბანკმა (ADB),  საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 6,3%-მდე გაზარდა, რაც  წინა პროგნოზთან შედარებით 0,8 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს“, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ მოლოდინს გადააჭარბა – 2026 წლის პირველ ნახევარში 7,9%-იანი მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა სექტორულად საკმაოდ დივერსიფიცირებულია.

„ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი იყო ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე მრეწველობის და სხვა სექტორები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დაფიქსირებული მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის და რეგიონში არსებული დაძაბულობის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე ნაკლებად ასახვის ფონზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაუმჯობესდა. შედეგად, მიმდინარე წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6,3%-მდე გაიზარდა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ ზოგადად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესება ყველაზე მაღალია. ამასთან, მისი თქმით, ეს გაუმჯობესება ხდება იმ ფონზე, როცა ზოგადად რეგიონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემცირების მიმართულებით კორექტირდება.

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საქართველოს გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და პროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ენდობა კერძო სექტორი, ენდობიან საერთაშორისო ინვესტორები და ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაში დაფიქსირებულ შედეგებზე. ასევე ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2026 წლისთვის იმაზე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ დინამიკასა და საფუძველზე საუბრისას ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.

გამოგვყევით