საქართველოში თხილის მოსავლის აღება დასრულების ეტაპზეა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, მერაბ ჭითანავას განცხადებით, წელს ფერმერები დაახლოებით 40 ათას ტონა გაუტეხავი თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც 15%-იანი ნაკლები მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.
„ხარისხის მხრივაც გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე შარშან. წვიმებმა და ფაროსანამ ერთობლივად ძალიან დიდი ზიანი მიაყენა პროდუქციის ხარისხს. ასევე, მოსავლის დროულად აღება ვერ მოხერხდა და პროცესი მნიშვნელოვნად დაგვიანდა.
რაც შეეხება ფასებს, დღეს თხილის გულის ფასი დაახლოებით 17-18 ლარია. გაუტეხავი თხილის შემთხვევაში ფასი დაახლოებით 4-დან 6 ლარამდე მერყეობს. ეს შარშანდელთან შედარებით ნაკლებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაბალი ფასია — უბრალოდ, ხარისხია დაბალი და შესაბამისად, დაბალი ხარისხის პროდუქციაც ნაკლები ღირს“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.
სექტორში მოლოდინი აქვთ, რომ ექსპორტი 20%-ით შემცირდება.
„შარშანდელთან შედარებით, თხილის ფასი მსოფლიო ბაზარზე გაცილებით ნაკლებია. დაახლოებით, შარშან თუ თხილის საექსპორტო ფასი 14 ევრო იყო, დღეს 7-7 ევრო და 30 ცენტია. ეს გამოწვეულია თურქეთის ბაზარზე პროდუქციის ზრდით და კარგი მოსავლით თურქეთის ტერიტორიაზე. ექსპორტის რაოდენობა 20%-ით შემცირდება, ფასი დაბალი იქნება, ალბათ იმის ნახევარი რაც იყო წინა წელს. ფასი შარშან მაღალი იყო და რაოდენობაც მეტი იყო. ამაზე ხარისხიც მოქმედებს“, - აცხადებს მერაბ ჭითანავა.
სექტორში ვარაუდობენ, რომ დაბალი მოსავალი და შემოსავლების კლება ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის როგორც მცირე ფერმერებს, ისე ექსპორტიორებსა და მსხვილ მწარმოებლებს.
„2017-2018 წლებში ჩავატარეთ ინტენსიური შეხვედრები ფერმერებთან მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩავუტარეთ მათ ტრენინგები, ავუხსენით თხილის მოვლის პირობები, განსაკუთრებით ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები, მოვახდინეთ დარგის პოპულარიზაცია, ამან ძალიან კარგად იმუშავა და საბოლოო ჯამში შედეგი მოგვცა, რომ 2019-2020 წლებში 55 ათასი ტონა გაუტეხავი თხილის ექსპორტი განხორციელდა, რისი მსგავსი ც შემდგომ წლებში არ ყოფილა. ბუნებრივია, როდესაც მცირდება კომუნიკაცია სექტორთან, ფერმერების ჩართულობაც იკლებს და ეს აისახება მოსავალზე და ზოგადად ინდუსტრიაზე. ძალიან სახიფათო სიტუაცია გვაქვს, ახლა ეს დაბალი მოსავალი, მცირე შემოსავალი სექტორისთვის ძალიან ცუდ ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ბიზნესზე, ფინანსურ პრობლემებში აღმოჩნდება არა მხოლოდ წვრილი ფერმერები, არამედ ექსპორტიორებიც, მათ შორის მსხვილი ფერმერებიც“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.