საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია გეგმავს, რომ ექსპორტის მხარდაჭერა გააძლიეროს.
„გვაქვს ხედვა, რომ უფრო კომპლექსური გახდეს ექსპორტის მხარდაჭერა. კომპლექსურობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვსურს - ექსპორტიორმა კომპანიებმა, ან ექსპორტით დაინტერესებულმა კომპანიებმა გაიარონ ძალიან მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, დიაგნოსტირება გულისხმობს იმას, რომ ჩამოყალიბდეს გეგმა, თუ რომელ ბაზარზე და რა პროდუქციით უნდა კონკრეტულ კომპანიას შესვლა.
„ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კონკრეტულად უნდა დავსახოთ, რა მანქანა-დანადგარები და საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება კომპანიას, ასევე რა სერტიფიცირება და ბრენდინგი სჭირდება, რა პერსონალი... ამ ყველაფრის დადგენის შემდეგ, უკვე მათთან ერთად, ჩვენ ჩავერთვებით პროცესებში. მაგალითად, მანქანა-დანადგარების შეძენისას, მივეხმარებით ჩვენი არსებული პროგრამებით დაფინანსების ნაწილში, ტექნიკური მიმართულებით შევთავაზებთ ტექნიკურ დახმარებას, რომ მოახდინონ პროდუქციის ბრენდირება და სერტიფიცირება. ასევე, დავეხმარებით იმ ბაზარზე ადგილობრივი მყიდველების მოძიებაში, რომელი ბაზარიც მისთვის სამიზნეა“, - განმარტა ირაკლი გაბრიაძემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფერს დაემატება ის პროგრამაც, რომელიც უკვე დამტკიცდა. კერძოდ, საუბარია ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსებაზე.
როგორც ირაკლი გაბრიაძე ამბობს, ექსპორტს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დაეხმაროს ქართული ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას.
მისივე ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტი საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება და ბოლო მონაცემებით, 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.