რითეილ სექტორში გაყიდვების ზრდის ტრენდი ნარჩუნდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალიზაციის მაჩვენებელი ჯამურად 20%-მდეა გაზრდილი, საიდანაც მეტი წილი ბათუმზე მოდის.
სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, გაყიდვების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ტურიზმმა იქონია. როგორც „სინომი ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ქსელში ტურისტების დანახარჯები 55%-ით აღემატება რეზიდენტების დანახარჯებს.
კომპანიაში მიმდინარე ორნიშნა ზრდას დროებით გეოპოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირებენ და სამომავლოდ მაჩვენებლის ნორმალიზებას ელიან. კერძოდ, სექტორში ელიან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, წლიური ზრდა მსოფლიო ბანკის მშპ-ს პროგნოზის ანალოგიურად - 5%-7%-ის ფარგლებში დაფიქსირდება.
ამასთან, 2028 წლისთვის ქვეყანაში ახალი მსხვილი ბრენდების შემოყვანაც იგეგმება. რეზო მაღალაშვილის თქმით, აღნიშნული საკმაოდ დიდ რითილ ინფრასტრუქტურას და სავაჭრო სივრცეებს მოითხოვს, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში არ არის.
ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა. "სინომი რითეილი" წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.