რა გზას გადის მოსწავლის იდეა რეალურ პროტოტიპამდე, რას სწავლობენ ახალგაზრდები ინოვაციურ პროექტებზე მუშაობისას და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი მხარდაჭერა. „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსისა“ და ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ხუთწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა იმისთვის, რომ მომავალზე ფიქრი კონკრეტულ საქმედ იქცეს.
რა შეიძლება მოიფიქროს მოზარდმა, რომელსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა უნდა? დაკარგული ადამიანების ძებნა უფრო ეფექტიანი გახადოს, ინსულტის შემდეგ ადამიანს მოძრაობის აღდგენაში დაეხმაროს ან ბუნებრივი საფრთხეების დროულად აღმოჩენის გზა იპოვოს? ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ იდეებისა, რომლებზეც „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ მონაწილეებს სხვადასხვა დროს უმუშავიათ.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ 2014 წლიდან ტარდება და ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართ ინტერესის გაღვივებას ემსახურება. თუმცა კონკურსის მნიშვნელობა მხოლოდ ამ დარგების პოპულარიზაცია არ არის. ის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, გუნდურად იმუშაონ და საკუთარი იდეის განხორციელების გზაზე რეალური გამოცდილებები მიიღონ.
იდეა, რომელიც რეალური პრობლემის გადაჭრას ემსახურება
კონკურსის მიზანი სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდებმა პრობლემის დანახვიდან მის გადაჭრამდე სრული გზა გაიარონ. ამ მიდგომას კარგად აჩვენებს 2025 წლის გამარჯვებული გუნდების პროექტები. გუნდი „კლასტერების“ პროექტი RescuedBy დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაკარგული ადამიანების ძებნის პროცესის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გუნდმა „არმმომ“ შექმნა ტარებადი ეგზოსკელეტის იდეა, რომელიც ინსულტის ან ტრავმის შემდეგ ზედა კიდურის ფუნქციის აღდგენას ეხმარება. გუნდის RiskTrackers-ის პროექტი კი ნიადაგის გადაადგილებისა და ნალექიანობის მონაცემებზე დაყრდნობით ბუნებრივი საფრთხეების დროულად გამოვლენას ემსახურება.
„ეს პროექტები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ერთი საერთო აქვთ - ტექნოლოგია აქ თვითმიზანი არ არის. ის ადამიანების უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებაა.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ დასვას შეკითხვები: რა პრობლემას ვხედავ? ვის უქმნის ის სირთულეს? როგორ შეიძლება მის გადაჭრაში ჩემი ცოდნა გამოვიყენო? სწორედ აქედან იწყება ინოვაციური აზროვნება - ცნობისმოყვარეობით, დაკვირვებით, თანაგრძნობით და სურვილით, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო.
კონკურსის შეფასებისას იდეის ინოვაციურობასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად აქტუალურია პრობლემა, შეესაბამება თუ არა მას შეთავაზებული გამოსავალი და რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება.“ - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
იდეიდან პროტოტიპამდე - გზა, რომელიც გასწავლის
ინოვაციური იდეის მოფიქრება პროცესის მხოლოდ დასაწყისია. მის განხორციელებამდე მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ პრობლემა, მოიძიონ ინფორმაცია, გაეცნონ არსებულ გამოსავლებს, ჩამოაყალიბონ საკუთარი მიდგომა, შექმნან მოდელი, გამოსცადონ და საჭიროების შემთხვევაში გააუმჯობესონ.
კონკურსიც ამ პროცესის ეტაპებად გავლას ითვალისწინებს: პირველ ეტაპზე გუნდები განაცხადში აღწერენ იდეას, ნახევარფინალში მას დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე წარადგენენ, ფინალში კი პროტოტიპს აჩვენებენ. პროტოტიპების შესაქმნელად გუნდები მცირე გრანტებს იღებენ.
„პროცესში გუნდებს ინსტრუქტორები და, სურვილისამებრ, დარგის მენტორებიც ეხმარებიან. მუშაობისას საწყისი იდეა შეიძლება შეიცვალოს კიდეც. მოსწავლემ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ თავდაპირველი გადაწყვეტა ზედმეტად რთულია. ამ აღმოჩენასაც დიდი საგანმანათლებლო ღირებულება აქვს.
მენტორების, ინსტრუქტორებისა და კონსულტანტების დახმარების მთავარი პრინციპი უნდა იყოს მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების გაძლიერება, რათა გადაწყვეტილებები თავად ახალგაზრდებმა მიიღონ და ახსნან.“ - მაგდა მაღრაძე
საერთო იდეა, განსხვავებული უნარები და გუნდური მუშაობა
კონკურსში განსაკუთრებული მნიშვნელობა გუნდურობას ენიჭება. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები ხშირად საკუთარი სკოლისა და ქალაქის ფარგლებს სცდებიან და სხვა სკოლების თანატოლებთან ერთიანდებიან. მაგალითად, 2023 წლის გამარჯვებული გუნდი TerraTech თბილისის, ბათუმის, ზუგდიდისა და სენაკის სკოლების მოსწავლეებს აერთიანებდა. მათი პროექტი მაღაროელების უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ ჭკვიან უნიფორმასა და რობოტს მოიცავდა. კონკურსის ისტორიაში ასეთი თანამშრომლობის არაერთი მაგალითია.
„გუნდში მოსწავლე სწავლობს, რომ კარგი იდეის განვითარებას განსხვავებული შესაძლებლობები სჭირდება. ერთ მოსწავლეს პროგრამირება გამოსდის კარგად, მეორეს - მექანიკა, მესამეს - კვლევა და მონაცემების გაანალიზება, მეოთხეს კი იდეის გასაგებად წარდგენა. როდესაც ყველა ეს ცოდნა ერთიანდება, პროექტიც უფრო სრულყოფილი ხდება.
გუნდური მუშაობა მხოლოდ ამოცანების გადანაწილება არ არის. ის მოითხოვს ერთმანეთის მოსმენას, განსხვავებული მოსაზრებების განხილვას, შეთანხმებულ ვადებში მუშაობასა და საერთო შედეგზე პასუხისმგებლობას. ეს უნარები კი ახალგაზრდებს მომავალშიც გამოადგებათ, მიუხედავად იმისა, რომელ პროფესიას აირჩევენ.“ - მაგდა მაღრაძე
კონკურსი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის
კონკურსის გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაიღრმაონ ცოდნა და გაეცნონ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ახალ შესაძლებლობებს.
პირველი ადგილის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრთან დაკავშირებულ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა, მეორე ადგილზე გასული გუნდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პრიზთან ერთად სტენფორდის უნივერსიტეტის რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის შესაძლებლობას იღებს. ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდი ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორობით სასწავლო პროგრამას შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) გადის.
„კონკურსის შედეგი მხოლოდ გამარჯვებულების მიღწევებით არ იზომება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენი მონაწილე აგრძელებს პროექტზე მუშაობას, რამდენი პროტოტიპი იქმნება, ვის უჩნდება ახალი პროფესიული ინტერესი და ვინ ბრუნდება კონკურსში მოგვიანებით, უკვე მენტორის ან ინსტრუქტორის როლში.
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს“ 4000-მდე მონაწილე ჰყავს. ჩვენი გამარჯვებულებისა და ფინალისტების ნაწილს სტარტაპებსა და ინდუსტრიაში ვხედავთ, ბევრი მათგანი კი STEM დარგებში აგრძელებს საქმიანობას. ეს გვახარებს, რადგან სწორედ ასე იქცევა კონკურსში გაჩენილი ინტერესი ხანგრძლივ შესაძლებლობად.“ - მაგდა მაღრაძე
იდეიდან ინოვაციამდე - მხარდაჭერის მნიშვნელობა
იდეის განვითარებას დრო, ცოდნა, რესურსი და სწორი გარემო სჭირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესები პრაქტიკაში გამოსცადონ და იმ ადამიანების მხარდაჭერა იგრძნონ, ვისაც მათი პოტენციალის სჯერა.
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე მეხუთე წელია „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ სტრატეგიული პარტნიორია. განათლება ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა და ამ პარტნიორობის მიზანიც სწორედ ესაა - ახალგაზრდებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ ცოდნის გაღრმავებაში, იდეების განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება.
„განათლება ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის კორპორაციული პასუხისმგებლობის პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ცოდნა რეალურ პროექტებად აქციონ - სცადონ, ისწავლონ და რაც მთავარია, საკუთარი იდეების განხორციელების გზაზე მხარდაჭერა იგრძნონ. უკვე მეხუთე წელია, „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და გვეამაყება, რომ ვუჭერთ მხარს კონკურსსა და ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი იდეებით უკეთესი მომავლის შექმნას ცდილობენ.“ - ტაპი ზაქარიაძე, ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი
დეკემბრის ბოლოს „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და ცნობილი გახდება 2026 წლის სამი გამარჯვებული გუნდის ვინაობა. ამ დღეს განსაკუთრებით ელოდება ათი ფინალისტი გუნდის 40 მოსწავლე და მათთან ერთად მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები, სკოლები და გულშემატკივრები.
გუნდებისა და მათი პროექტების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის ოფიციალური სოციალური ქსელების მეშვეობით გაეცნობით. თვალი ადევნეთ ფინალისტებს და უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულ გუნდს. ან, სულაც, ათივეს. თითოეული მათგანი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებასა და მხარდაჭერას.