საკმაოდ მაღალია მზაობის პროცენტი ქართულ კომპანიებში იმისათვის, რომ მათ მოიზიდონ კერძო კაპიტალი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, ბოლო წლებში, მოთხოვნა გაზრდილია.
„ჩვენ 2023 წელს, მსოფლიო ბანკთან ერთად, მოვამზადეთ კვლევა, რომლითაც ვაფასებდით ამ ბაზარზე ქვეყანაში არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას. მიწოდების ნაწილი იყო მწირი და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება მოთხოვნას - მოთხოვნის ნაწილში დავინახეთ და ახლაც ვხედავთ კომპანიების მზაობას იმისათვის, რომ მათ მოიზიდონ კერძო კაპიტალი წილობრივი მონაწილეობის გზით“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
მან კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლებიც დაასახელა და თქვა, რომ დაახლოებით, 5 ათასამდე კომპანიის მონაცემები შეისწავლეს.
„შემდეგ მოვახდინეთ, ამ კომპანიების ფილტრაცია კონკრეტული კრიტერიუმებით, ესენი იყო: მათი მოგებიანობა, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგები და ა.შ. გამოვყავით 1300-1500 კომპანია, რომელიც უკვე ამ მაჩვენებლებით მზად იყო ანალიზის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. საბოლოო ჯამში, გამოვყავით 11 კომპანია და მათთან გავუშვით ამერიკული ფონდის დირექტორი, ვითომ მას სურდა ინვესტიციის განხორციელება. მისი შეფასებით 11-დან 9 კომპანია მზად იყო იმისათვის, რომ მოეზიდა კერძო კაპიტალი“, - განმარტა გაბრიაძემ.
მისივე განცხადებით, თუნდაც ეს კვლევა ცხადყოფს იმას, რომ საკმაოდ მაღალია მზაობის პროცენტი ქართულ კომპანიებში იმისათვის, რომ მათ მოიზიდონ კერძო კაპიტალი და შეძლონ აღნიშნულ ბაზარზე დაფინანსების მოპოვება.