„ინნ ჯგუფი“ ამ ეტაპზე ახალი სასტუმროს მშენებლობას არ გეგმავს - ამის მიზეზებს ჯგუფის დამფუძნებელი პაატა კოკაია განმარტავს. მისი თქმით, სასტუმროების სექტორში მშენებლობისა და ოპერირების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო შემოსავლების ზრდის მიუხედავად, კომპანიებს ფასების გაზრდის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.
"ძალიან კარგი ზაფხული იყო ყველა მიმართულებით, თუმცა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა მეორე კვარტალზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ განაცხადა.
"სექტორის აღდგენა ივლისიდან დაიწყო და ზაფხულის თვეებში სასტუმროების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ივლისი, აგვისტო და სექტემბერი საკმაოდ წარმატებული იყო. გასულ წელთან შედარებით, თბილისში სასტუმროების მაჩვენებლები დაახლოებით 8%-ით, ქუთაისში 6%-ით, ახალციხეში 9%-ით, ხოლო გორში 14%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება გუდაურს, აქ კლება დაფიქსირდა, დაახლოებით 7%-ის ფარგლებში, რადგან კურორტზე სეზონის ძირითადი შემოსავლები იანვარ-მარტში გენერირდება,"- განაცხადა კოკაიამ.