ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს.
როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, იდეა რეალურ პროექტად აქციონ და სტარტაპის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.
“პროგრამის წარმატებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობას, რომლის ჩართულობა აკადემიურ ცოდნას, ინოვაციებსა და მეწარმეობას ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი თანამშრომლობით, 2021 წლიდან პროგრამაში უკვე 250-მდე სტუდენტი ჩაერთო. გვჯერა, რომ ასეთი ინიციატივები აძლიერებს ახალგაზრდების შესაძლებლობებს და ქმნის საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის მომავალს,” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
წელს ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლაში 40-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ორი თვის განმავლობაში, ბანაკის მონაწილეები გუნდებად მუშაობდნენ, მიიღეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტარტაპის შექმნისა და განვითარების მიმართულებით. ასევე იმუშავეს იდეების ვალიდაციაზე, ბიზნეს მოდელის შექმნასა და ინოვაციური პროექტების განვითარებაზე. პროგრამის დასკვნით ეტაპზე ჟიურის წინაშე რვა გუნდმა წარადგინა საკუთარი ინოვაციური იდეები და პროექტები.