logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ავტოსკოლების მომსახურება გაძვირდა" - Buki Driving School

ბოლო 8 თვეში, საერთაშორისო ბირჟებზე, თითქმის, 80%-ით გაძვირებულმა ნავთობმა გამოწვევები ავტოსკოლებისთვისაც შექმნა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Buki Driving School-ის დამფუძნებელმა, სალომე ბუკიამ განუცხადა, ნავთობის გლობალურმა ფასებმა საწვავი მნიშვნელოვნად გააძვირა საქართველოშიც, რამაც ავტოსკოლები იძულებულები გახადა, სერვისზე ფასები გაეზარდათ.

„ბოლო 1 თვეში, მოგვიწია პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება 20%-ის ფარგლებში დაგვეკორექტირებინა. საწვავის ფასის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს მანქანის ცვეთის საკითხიც. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ქალაქში, დღის ნებისმიერი მონაკვეთში მძიმე საცობებია, ამის გამო გაკვეთილების ხანგრძლივობა ავტომატურად იზრდება, შედეგად კი - იმატებს მანქანის ცვეთის კოეფიციენტიც. აქედან გამომდინარე, ტარიფების გადახედვისას, ეს საკითხიც გავითვალისწინეთ“, - აღნიშნა სალომე ბუკიამ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ავტოსკოლების მომსახურებაზე ფასების მატება, დაახლოებით, 3-4 წლის წინ დაიწყო. კერძოდ, როგორც თავად ავტოსკოლების წარმომადგენლები განმარტავენ, ინფლაციური პროცესების გამო, მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის, პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება, ბოლო წლებში, ჯამში, 30-40%-ით არის გაზრდილი. პირობითად, თუ გასულ წლებში, პრაქტიკული გაკვეთილების ღირებულება 30 ლარის ფარგლებში იყო, ახლა უკვე 50-60 ლარს აღწევს. მომატებულია თეორიული გაკვეთილების ღირებულებაც.

მიუხედავად, სწავლაზე ტარიფების ზრდისა, მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში სტაბილურად მზარდია. 2026 წლის მხოლოდ 9 თვეში, ქვეყანაში სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის მართვის უფლება 36 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიპოვა - მაშინ, როდესაც გასული 2025 წლის განმავლობაში, საქართველოში ჯამში 29 647 მართვის მოწმობა გაიცა.

გამოგვყევით