საქართველოში მეთოჯინეებისა და ანიმატორების პროფესიაზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სოციალურ საწარმო „ფანტასმაგორიაში“ განუცხადეს, როგორც გლობალურ ბაზრებზე, ისე საქართველოში, თოჯინური ანიმაციების ცნობადობის ზრდასთან ერთად, ამ მიმართულების შესწავლით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.
„თოჯინური ანიმაცია უშრეტი წყაროა ფანტაზიის. რაც გინდა მოიფიქრე, აბსოლუტურად ყველაფერს გააკეთებ თოჯინურ ანიმაციაში. შესაბამისად, ეს მიმართულება უკვე ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც. გვიხარია, რომ პირადად ჩვენს სოციალურ საწარმოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს, ქვეყანაში უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც უნდა ჩვენთან სწავლა და რომელიც პროფესიად ხედავს მეთოჯინეობას, ანიმატორობას“, - აცხადებენ „ფანტასმაგორიაში“.
ცნობისთვის, სოციალური საწარმო „ფანტასმაგორია“ 2022 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები მხატვრული კინოს რეჟისორი - სოფო ჭინჭარაული და ანიმაციური ფილმების რეჟისორი - ელენე თავაძე არიან.
სოციალურმა საწარმომ თავისი პირველი თოჯინური ანიმაცია, სახელწოდებით - „ელენე დარიანი“ 2023 წელს გადაიღო. რამდენიმე თვის წინ კი, დაასრულა მუშაობა თავის რიგით მეორე პროექტზე. „რამ დაგღალა?!“ - ასე ჰქვია 6-წუთიან, ახალ თოჯინურ ანიმაციას, რომლის ქართული პრემიერაც უკვე შედგა და ახლა, ის საერთაშორისო ფესტივალებზე გასამგზავრებლად ემზადება.