ადგილობრივი კომპანია „მოზილეს“ მიერ წარმოებული ხორბლის ფქვილი და ქატო შესაძლოა გაძვირდეს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გულიკო შოშიტაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საწვავის გაძვირების გამო პროდუქციის თვითღირებულება იზრდება, რის გამოც ფასების გადახედვა შესაძლოა აუცილებელი გახდეს.
„ვფიქრობ, გაძვირების საჭიროება დამიდგება. სხვა გზა არ დამრჩება, რადგან საწვავი ძალიან გაძვირდა. მაგალითად, ერთი ტონა ხორბლის შეძენა, წისქვილში წაღება და უკან მოტანა დაახლოებით 800-900 ლარი მიჯდება. ერთი ტონა ხორბლისგან 700 კილოგრამ ფქვილს ვიღებ. მარტივად შეიძლება დათვლა, რა თანხა უნდა აისახოს პროდუქციის თვითღირებულებაში.
საწვავის გაძვირებამდე ჩემი ფქვილის თვითღირებულება 4 ლარი და 70 თეთრი იყო, მაღაზიას კი 5 ლარად ვაბარებდი. ერთი მაღაზია მას 7 ლარად და 50 თეთრად ყიდის, მეორე კი - 7 ლარად. რაც შეეხება ქატოს, 300-გრამიანი შეფუთვა ერთ მაღაზიაში 6 ლარად და 50 თეთრად იყიდება, მეორეში კი 6 ლარად“, - განაცხადა გულიკო შოშიტაშვილმა.
კომპანიის დამფუძნებელი ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც საუბრობს. მისი თქმით, „მოზილეს“ მთავარი უპირატესობა ხორბლისა და ქატოს წარმოებისას დანამატების გამოუყენებლობა და პროდუქციის ლაბორატორიული კონტროლია.
„ბაზარზე ჩემი კონკურენტები ფქვილის მწარმოებელი კომპანიები არიან, რომლებიც სხვადასხვა სახეობის ფქვილს აწარმოებენ. მათთან შედარებით ჩემი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენი პროდუქცია დანამატების გარეშე მზადდება. ხორბლის მოყვანისას არ ვიყენებ ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა, საბოლოო პროდუქტის დაბინძურება გამოიწვიოს.
ყოველი მოსავლის აღების შემდეგ სერტიფიცირებულ და ავტორიტეტულ ლაბორატორიაში სრულ ანალიზს ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფო რეგულაციები მწარმოებლებს ყველა შემთხვევაში სრულ ანალიზს არ ავალდებულებს, ამ კვლევებს მაინც ვატარებ, რათა ზუსტად ვიცოდე, რამდენად უსაფრთხოა ჩემი პროდუქცია.
მაგალითად, მიკოტოქსინებზე ფქვილისა და ხორბლის შემოწმება, ჩემი ინფორმაციით, სამრეწველო წარმოებაში ყოველთვის არ ხდება. არსებობს რისკი, რომ სოკოთი დაბინძურებული ხორბალი წარმოებაში მოხვდეს, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
მწარმოებლებთან შედარებით ჩვენი მეორე უპირატესობა ის არის, რომ პროდუქციაში საწარმოო დანამატებს არ ვიყენებთ. ჩემი ფქვილი ბუნებრივი, ჯანსაღი და გემრიელია“, - განაცხადა გულიკო შოშიტაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია "მოზილე" დაახლოებით 2 წელია, რაც ადგილობრივი წარმოების ხორბლის ფქვილსა და ქატოს აწარმოებს. კომპანია ქვემო ქართლში, თეთრიწყაროში მდებარეობს და სამომავლოდ, საწარმოს გახსნასა და გაყიდვების გაფართოებას გეგმავს.