ქართულ ბაზარზე ხორბლის ფქვილისა და ქატოს ბრენდი „მოზილე“ გამოჩნდა. კომპანია ქვემო ქართლში, თეთრიწყაროში მდებარეობს და დაახლოებით 2 წელია, დანამატების გარეშე ხორბლის ფქვილსა და ქატოს აწარმოებს .
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, გულიკო შოშიტაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მათ საკუთრებაშია 2 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, ხოლო მიწების ნაწილი იჯარით აქვთ აღებული.
„5 დეკემბერს ორი წელი შესრულდება, რაც „მოზილე“ ოფიციალურად დაარსდა. წარმოშობით თეთრიწყაროდან ვარ. მამაჩემს ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჰქონდა, სადაც ხორბალს თესავდა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 2011-2012 წლებში, ხორბლისა და ქატოს წარმოება დავიწყეთ. ჩვენს პროდუქტებს „მოზილეს“ ბრენდით ვყიდით. ეს არის ფქვილი და ქატო, რომელთა შეძენაც „ფრესკოსა“ და „გუდვილის“ ქსელებშია შესაძლებელი.
მინდვრიდან მომხმარებლამდე მთელ პროცესს თავად ვმართავთ. ყველაფერი ინვესტიციების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ძალებით გავაკეთე. წლიურად დაახლოებით 7 ტონა ხორბლის ფქვილი იყიდება. ქატოს მომხმარებელი ჯერ ძალიან ცოტაა და მისი მოხმარების კულტურაც დაბალია, შესაბამისად, გაყიდვების მოცულობა მცირეა.
ქატო მალფუჭებადი პროდუქტია. იმისთვის, რომ საკვებად ვარგისი იყოს, მას დაბალ ტემპერატურაზე ვამუშავებ, რათა პროდუქტი უსაფრთხო იყოს. ქატო 300-გრამიან შეფუთვებში მაქვს დაფასოებული, რაც მისი გაფუჭების რისკს ამცირებს. შეფუთვაზე, სტანდარტების შესაბამისად, მითითებულია ვარგისიანობის ვადაც“, - განაცხადა გულიკო შოშიტაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია B2B მიმართულებით გაყიდვების განვითარებას გეგმავს, თუმცა წარმოების არსებული მოცულობა უფრო დიდ სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ჯერ არ იძლევა.
„ახლა ვფიქრობ, B2B გაყიდვები დავაორგანიზო. ოჯახის წევრები მეხმარებიან და ფაქტობრივად, ოთხი ადამიანი ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ხორბლისა და ქატოს ისეთი რაოდენობა არ გვაქვს, რომ პროდუქცია უფრო დიდ ქსელებს შევთავაზოთ. ამჟამად ჩემი საჭიროებაა ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენა, რათა შრომა უფრო გამიმარტივდეს. კომპანიას სჭირდება როგორც ტექნოლოგიური გადაიარაღება, ისე დისტრიბუციისთვის საჭირო ტრანსპორტი. მოგებაზე კი არა, ფაქტობრივად, ჯერ თვითღირებულების დაფარვაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.
გულიკო შოშიტაშვილის განმარტებით, წარმოების პროცესში კომპანია სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას ცდილობს. პროდუქციის შესანახად თავდაპირველად მამის ავტოფარეხი მოაწყო, რომელიც 12 კვადრატული მეტრია. ფართი გარემონტდა და სასაწყობე სივრცედ გადაკეთდა.
„ხორბლის შენახვას განსაკუთრებული პირობები სჭირდება - არ უნდა მოხდეს ნესტის შეღწევა, პროდუქტი მღრღნელებისგან დაცული უნდა იყოს და აუცილებელია აერაციაც. ავტოფარეხის თავზე დაფასოების ოთახი მაქვს მოწყობილი. ამ სივრცეში მხოლოდ 10 ტონა ხორბალი ეტევა.
პირველ წელს 10 ტონა ხორბლის გადამუშავება დავიწყე და მთელი მოცულობა გავყიდე. წელს გადასამუშავებლად და გასაყიდად 20 ტონა ხორბალი მაქვს“, — განაცხადა მან.
მისივე თქმით, მეწარმე ხორბალს 30-კილოგრამიან ტომრებში ინახავს, შემდეგ კი ქარელში მდებარე წისქვილში გადააქვს გადასამუშავებლად. წარმოების დანარჩენი ეტაპები, მათ შორის გაცრა, დაფასოება, სატრანსპორტო ყუთებში განთავსება და დისტრიბუცია, ძირითადად, ხელით სრულდება.
პროდუქციის შესაფუთ მასალას კომპანია თურქეთში ყიდულობს. დამფუძნებლის განმარტებით, ფქვილისთვის განკუთვნილი კონტეინერი ორმაგი მუყაოსგან არის დამზადებული და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს შეესაბამება. შეფუთვა პროდუქტს ნესტისა და სინათლის ზემოქმედებისგან იცავს. ფქვილი ერთ და ორ კილოგრამიან შეფუთვებში იყიდება.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „მოზილე“ ამ ეტაპზე მოგებაზე ჯერ არ გასულა, თუმცა გაყიდვების ზრდის იმედი აქვს. მისივე შეფასებით, პროდუქციის მიმართ ინტერესი არსებობს, რასაც სავაჭრო ქსელების მხრიდან მიღებული თანხმობა და სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურებაც ადასტურებს.
„იმედი მაქვს, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად მოგებაც გვექნება. მოთხოვნას იმით ვაფასებ, რომ არც „ფრესკო“ და არც „გუდვილი“ უმნიშვნელო კომპანიები არ არიან. მათ ჩემი ფქვილი და ქატო გატესტეს და ამის შემდეგ მივიღე თანხმობა.
ჯერ იმდენი დრო არ გასულა, რომ გითხრათ, მოგებაზე გავდივართ თუ არა. დეკემბერში ორი წელი შესრულდება, რაც კომპანია დავაარსეთ. ჯერ ვერ გეტყვით, რა ტენდენცია გვაქვს. ის კი ვიცი, რომ მოთხოვნა არსებობს. სოციალურ ქსელებში ძალიან დადებითი გამოხმაურებებია, თუმცა ეს გაყიდვებს არ უდრის. ალბათ, დრო გვჭირდება, რომ ბაზარზე სტაბილურად დავმკვიდრდეთ და ლოიალური მომხმარებლები შევიძინოთ“, — განაცხადა გულიკო შოშიტაშვილმა.
მისი თქმით, კომპანია ხორბლის თესლს ავსტრიიდან ყიდულობს, რომელიც ერთ-ერთ ქართულ კომპანიას ჩამოაქვს და შემდეგ იმ თესლს თესავს.
"ხორბლის თესლს ვყიდულობ და იმ თესლს ვთესავ, რომელიც ავსტრიიდან ერთ-ერთ კომპანიას შემოაქვს. ჩვეულებრივი ხორბლის ფასისგან მნიშვნელოვნად განსვავდება, ყოველ წელს სხვადასხვა ფასი აქვს. ჩემს პროდუქტს ესეც აძვირებს. სათესლე ხორბალი ფქვილისთვის განკუთვნილი ხორბალი არ არის და არც ყველა ხორბლისგან კეთდება ფქვილი. მე რომ ხორბალს მივიღებ, იმ თესლს ვეღარ დავთესავ იმიტომ, რომ მცენარის ხარისხი ნელ-ნელა ფუჭდება. მთლიანი მოცულობა, რასაც მოსავალს ვიღებ, იმისგან ფქვილს ვაწარმოებ",-განაცხადა გულიკო შოშიტაშვილმა.
კომპანიის სამომავლო მიზანი ადგილობრივი ბაზრის ათვისება, გაყიდვების ზრდა და საწარმოს გახსნაა.
„ძალიან მინდა, რომ პროდუქტი სასტუმროებს შევთავაზო, რომელსაც ქართული პროდუქტით აქვს სამზარეულო. ქსელურ მაღაზიებიც რომ მეყოლებიან მომხმარებლები, მერე დამჭირდება დიდი სასაწყობე ფართო, სადაც მექანიზებული საწარმო იქნება. 3-4 წლის შემდეგ ასეთ ვითარებაში მინდა ჩემს თავს ვხედავდე“,- განაცხადა გულიკო შოშიტაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია „მოზილეს“ საწარმო ქვემო ქართლში, თეთრიწყაროში მდებარეობს. კომპანიის მიერ წარმოებული ხორბლის ფქვილისა და ქატოს შეძენა ამჟამად „გუდვილისა“ და „ფრესკოს“ სავაჭრო ქსელებშია შესაძლებელი. სამომავლოდ კომპანია საწარმოს გახსნასაც გეგმავს.