კომპანია KASS GROUP-ის განცხადებით, წალკის მუნიციპალიტეტში დაშბაშის კანიონზე შექმნილ ეკო ტურისტულ პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი გამოწვევა რეგიონში კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობაა.
როგორც მათ “ბიზნესპარტნიორს” განუცხადეს, პროექტის მასშტაბის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნები გზებზე, კომუნიკაციებსა და სხვა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე.
“ასეთი მასშტაბის პროექტს არაერთი გამოწვევა ახლავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ პროექტი მდებარეობს დაცულ ტერიტორიაზე და ბუნებრივი გარემოს გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის განვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ჩვეულებრივ სამშენებლო პროექტში. ასევე, გამოწვევაა რეგიონში კვალიფიციური კადრების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ადგილობრივი კადრების განვითარება და მათი პროფესიული მომზადება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გარდა ამისა, პროექტის მასშტაბის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნები გზებზე, კომუნიკაციებსა და სხვა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე”,-აღნიშნავენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, წელს კიდევ უფრო გაზრდილია ინტერესი, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ვიზიტორების მხრიდან.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ უცხოელ ვიზიტორებში განსაკუთრებით აქტიურია ისრაელის, ინდოეთის, რუსეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, სომხეთის, ყაზახეთისა და პოლონეთის ბაზრები.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობა, არამედ ვიზიტის ხანგრძლივობის გაზრდა. სწორედ ამიტომ ვავითარებთ სასტუმროს, ვილებს, კვების ობიექტებსა და ატრაქციონებს იმისთვის, რომ სტუმარმა Kass Land-ში მხოლოდ რამდენიმე საათი კი არა, ერთი ან რამდენიმე დღე გაატაროს. უცხოელ ვიზიტორებში განსაკუთრებით აქტიურია ისრაელის, ინდოეთის, რუსეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, სომხეთის, ყაზახეთისა და პოლონეთის ბაზრები.წლების მიხედვით ქვეყნების აქტიურობას განაპირობებს ინტერესები, მსოფლიოში არსებული მდგომარეობა და ასე შემდეგ”,-აღნიშნავენ კომპანიაში.
KASS GROUP-ის განმარტებით, Kass Land-ის განვითარებასთან ერთად რეგიონში გაუმჯობესდა და განვითარდა ტურისტული და ინფრასტრუქტურული გარემო, შეიქმნა სამუშაო ადგილები და განსაკუთრებით გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობები.
“დღეს ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისგან არის დაკომპლექტებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტმა შექმნა ახალი ბიზნესგარემო, გაიზარდა კერძო სექტორის ინტერესი რეგიონის მიმართ და გაჩნდა შესაძლებლობები ახალი სასტუმროების, კვების ობიექტების, ტურისტული სერვისებისა და სხვა ბიზნესების განვითარებისთვის”,-აღნიშნავენ კომპანიაში.
ცნობისთვის, KASS LAND რეზორტი მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელს თანმდევი ბილიკებით, უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით, "ბაიკ ზიპლაინს" გიგანტურ საქანელას, ღია "გარდენსსა" და დახურულ "დაიმონდ" რესტორანს, ასევე სასტუმროს.
რაც შეეხება ატრაქციონების პარკს - ეს მოიცავს 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას, გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას, თოკების ლაბირინთს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ "კარტინგს" უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.
KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.