დღეს ყველაზე კარგი პირობები მზის სადგურებს აქვს, ქვეყანას კი ყველაზე მეტად ჰესები და ქარის სადგურები სჭირდება. ამის შესახებ Galt&Taggart-ის ენერგეტიკის სექტორის შესახებ ანგარიშშია - “ზაფხულში სიჭარბე, ზამთარში დეფიციტი: რა უნდა მოგვცეს ახალმა აუქციონმა?" აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, მიმდინარე CfD ტარიფით მზის სადგურების უკუგება 15.2%-ია, ქარის სადგურების 12.5%, ხოლო მოდინებაზე ჰესის კი 8.5%. ამასთან, მზის სადგურის CfD მთელი წელი მოქმედებს, ქარის სადგურის 9 თვე, ხოლო მოდინებაზე ჰესის 8 თვე. სისტემის საჭიროება თითქმის საპირისპიროა: ზამთრის დეფიციტს წყალსაცავიანი ჰესები და ქარის სადგურები ამცირებენ, მზის სადგურები კი ენერგიას ძირითადად მაშინ გამოიმუშავებს, როცა სისტემაში ისედაც სიჭარბეა.
"2026 წელს ზაფხულში ენერგიის სიჭარბე პირველად გახდა შესამჩნევი, ზამთარში კი მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ იმპორტითა და თბოსადგურებით დაიფარა.
ახალი აუქციონი სეზონური დისბალანსის შემცირების შესაძლებლობაა
ჩვენი შეფასებით, აუქციონზე მიზანშეწონილია იმ ტექნოლოგიების წახალისება, რომლებიც ქვეყანას მეტად სჭირდება. წინასწარ ცნობილი წესები ინვესტორის რისკს შეამცირებს, ახალ სიმძლავრეს კი ქვეყნისთვის უფრო იაფს გახდის. ამ მიზნით მნიშვნელოვანია:
- ზამთრის გენერაციის წახალისება: უპირატესობა წყალსაცავიან ჰესებსა და ქარის სადგურებს, შემდეგ მოდინებაზე ჰესებს; ამ ტექნოლოგიებისთვის CfD-ის პირობების გადახედვა; მზის სადგურების განვითარება ქსელის ლიმიტების ფარგლებში.
- გამჭვირვალობა: შეზღუდვის წესების რიგითობის წინასწარ განსაზღვრა; მიმდინარე პროექტების სიისა და 10-წლიანი პროგნოზის გამოქვეყნება.
- მოთხოვნა და ექსპორტი: ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტის ხელშეწყობა.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდირებული წესების შემუშავებამ აუქციონი არ დააყოვნოს: ძირითადი პრინციპები შეიძლება აუქციონის პირობებშივე აისახოს, დეტალური რეგულირება კი პარალელურად დაიხვეწოს,"-აღნიშნულია ანგარიშში.