logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბესო ორთოიძე: იპოთეკური სესხები უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის განცხადებით, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ იპოთეკური სესხი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, დეველოპერული კომპანიებისთვის საბანკო სესხების გაცემა ამ ეტაპზე სირთულეს აღარ წარმოადგენს, როგორც ადრე, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ არის.

„დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ იყო ასეთი ტენდენცია, როდესაც ბანკებმა გაცხადებულად თქვეს, რომ ამ სექტორის დაფინანსების მოცულობები ამოწურული იყო და საკმაოდ შეანელეს სესხების გაცემის პროცესი, განსაკუთრებით ბიზნესსესხების, ასევე იპოთეკურის. თუმცა, რამდენიმე თვეში პროცესი აღდგა და იპოთეკური სესხების წილი საკმაოდ გააქტიურდა. შემდეგ უკვე ეროვნული ბანკის რეგულაციებიდან გამომდინარე, გარკვეული კლება იყო. დეველოპერულ სექტორში 10-წლიანი ე.წ. უპროცენტო განვადებები გააქტიურდა. სწორედ ეს იყო შემცირებული იპოთეკური სესხების საპირწონე. მომხმარებლებს დეველოპერებმა სესხის ალტერნატივად  შიდა 10-წლიანი განვადებები შესთავაზეს.

მე არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია, რომ ეს სწორი არ იყო, რადგან ბაზარზე ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა გასცეს სესხი, ხოლო დეველოპერმა უნდა აშენოს. ფუნქციების აღრევა არ უნდა მოხდეს. ამაზე ყველანი ვთანხმდებოდით. შემდეგ ეროვნულ ბანკთან გარკვეული კონსულტაციები გაიმართა. დეველოპერულმა სექტორმა დააფიქსირა პოზიცია, რომ იპოთეკური სესხების გაცემა გამარტივებულიყო, ბანკს თავისი ფუნქცია შეესრულებინა, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს კი თავისი.

დღეს მეტ-ნაკლებად ყველაფერი კალაპოტში ჩადგა, თუმცა ბაზარზე შიდა განვადებების პროდუქტი მაინც არსებობს. ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ იპოთეკური სესხი უფრო ხელმისაწვდომი იყოს. მომხმარებელი მიდიოდეს ბანკში სესხის ასაღებად და არ ირჩევდეს შიდა განვადებებს, რომლებსაც „უპროცენტო“ ეწოდება, თუმცა ყველამ ვიცით, რომ რეალურად საპროცენტო განაკვეთი ფასშია ჩადებული. ეროვნული ბანკის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და სიტუაცია გამოსწორდა, თუმცა მაინც მგონია, რომ კიდევ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ შიდა განვადებების პორტფელი ერთხელ და სამუდამოდ საბანკო სექტორში გადავიდეს, რადგან დეველოპერების მხრიდან ეს გარკვეულ რისკებს მაინც იწვევს“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

მან სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ბაზარზე პროექტების მასშტაბურობა გაიზარდა და მოთხოვნაც საკმაოდ სტაბილურია.

„ფასების ნაწილიც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. არ გვაქვს ისეთი ზრდა, როგორიც 2022-2023 წლებში იყო, რაც ბაზრისთვის სასურველი არ არის. დღეს გვაქვს განვითარებადი ქვეყნისთვის დამახასიათებელი უძრავი ქონების ზრდის ტემპი, რაც საკმაოდ პოზიტიურია.

თუ რაიმე რყევები არ იქნება როგორც შიდა, ისე გლობალურ დონეზე, ვფიქრობ, რომ მომავალი წელიც საკმაოდ სტაბილური იქნება ბაზრისთვის. დაახლოებით 7-10%-იანი ზრდა ჩვენი ბაზრისთვის ნორმალური და კარგია.

კომპანიებისთვის სასურველი არ არის ფასების სწრაფი ზრდა. შოკის ეფექტები საჭირო არ არის, როგორც პანდემიის დროს იყო, როდესაც ზრდა შეფერხდა. დაახლოებით 10%-იანი ზრდა სწორი და ოპტიმალურია, რაც ბაზარს სჭირდება. ბოლო ორი წელია, დაახლოებით ამ მაჩვენებელზე გავდივართ. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ წელსაც ამ მოცულობაზე იქნება საუბარი“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.

გამოგვყევით