logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩვენთვის პრიორიტეტული ევროპის ქვეყნების ბაზარია" - Mwine

ქართული ღვინის კომპანია “ემვაინი” Mwine სამომავლოდ ჩინეთის ბაზარზე ექსპორტზე გასვლას არ გეგმავს. კომპანიისთვის პრიორიტეტული ევროპის ქვეყნების ბაზარია, სადაც მაღალი ხარისხის ღვინოზე მოთხოვნაა.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა გვანცა თუშიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანიის მიზანია, საკუთარი პროდუქცია ისეთ ბაზრებზე გაიტანოს, სადაც მაღალი ხარისხის ღვინო სათანადოდ ფასობს.

„ჯერჯერობით, ჩინეთის ბაზარზე გასვლის დიდი სურვილი არ გვაქვს. ღვინის ხარისხიდან გამომდინარე, გვსურს, ჩვენი პროდუქცია ისეთ ქვეყნებში გავიტანოთ, სადაც ღვინის ხარისხიც მაღალია და მომხმარებელიც ხარისხიან ღვინოს აფასებს.

დღეს მცირე რაოდენობით, თუმცა მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ. გვსურს, ჩვენი პროდუქციაც იმ ქვეყნების ბაზრებს მოვარგოთ, სადაც მაღალი ხარისხის ღვინოზე მოთხოვნაა.

ჩვენთვის პრიორიტეტი ჩინეთი არ არის. ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები უფრო პრიორიტეტულია. მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთის ბაზარზე, ექსპორტზე გასვლის სურვილი არ გვაქვს და არც ვგეგმავთ“, - განაცხადა გვანცა თუშიშვილმა.

ცნობისთვის, ქართული ღვინის კომპანია “ემვაინი” Mwine დაახლოებით 2 წელია, რაც ღვინოს აწარმოებს. კომპანიის საწარმო თელავში მდებარეობს და მისი დამფუძნებლები ტყუპი დები-ნატა და გვანცა თუშიშვილები არიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ბიზნესის მოთხოვნა და სურვილია, რაც შეიძლება მეტი ექსპორტი განახორციელონ ჩინეთის ბაზარზე.

„სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომ ხელი შეუწყოთ კონტაქტების დამყარებას - პირდაპირ ექსპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან ჩვენი ბიზნესების დაკავშირებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხშირად ეს არის ბიზნესის მოთხოვნა, მათი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ექსპორტი განახორციელონ ჩინეთის ბაზარზე. მთავრობა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მათ, ჩინეთის ბაზარზე ჰქონდეთ წვდომა, კონტაქტების მოძიებაში ვეხმარებით, ამ შემთხვევაში კომერციის სამინისტრო, როგორც აღვნიშნე, გახლავთ ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც მსგავსი ტიპის კონტაქტების მოძიებაში გვეხმარება, მათ დაკავშირებადობაში და ეს არის ძირითადად ის თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

გამოგვყევით