logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ფრთხილად იყვნენ" - სებ-ი მომხმარებლებს საბანკო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი მოსახლეობას თაღლითობის სქემის შესახებ აფრთხილებს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც თაღლითები მომხმარებლებს ეროვნული ბანკის სახელით უკავშირდებიან და გარკვეული საბანკო ოპერაციის განხორციელებას სთავაზობენ.

მისი განმარტებით, არცერთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არ მოითხოვს მომხმარებლისგან გარკვეული ოპერაციების შესრულებას, არც სესხის აღებას და არც დეპოზიტის დარღვევას.

„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია ბოლო პერიოდში გახშირებული ერთ-ერთი სქემის შესახებ და მოვუწოდო, რომ ფრთხილად იყვნენ. ზოგადად, თაღლითების მიზანია, მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა გარკვეული მექანიზმებით, მოიპოვონ მათი პერსონალური და საბანკო ინფორმაცია იმისთვის, რომ შემდეგ მომხმარებლის თანხას დაეუფლონ. ე.წ. ფიშინგი კლასიკური მეთოდია, როდესაც მომხმარებელს სხვადასხვა ბმულზე გადასვლით ან E-meil-ის მიწერით სთხოვენ, მაგალითად, საბარათე მონაცემებს ან ინტერნეტბანკში შესასვლელ მომხმარებლის სახელს და პაროლს. ამ ტიპის სქემებზე ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ცნობილია, ჩვენც პერიოდულად ყოველთვის ვაფრთხილებთ ხოლმე მომხმარებლებს.

ბოლო პერიოდში დავაკვირდით, რომ თაღლითებმა უფრო დახვეწეს ეს სქემა – ცდილობენ, მომხმარებლის ნდობა უფრო მეტად მოიპოვონ. პირდაპირ კი არ გამოართვან ეს მონაცემები, არამედ გარკვეული ისტორია შეკრან.

ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებელს დაუკავშირდნენ ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით, უთხრეს, რომ მის სახელზე დამტკიცებულია სესხი და ხომ არ სურს ამ სესხის ათვისება. როდესაც მომხმარებელს გაუკვირდა, რომ მას ასეთი მოთხოვნა არ ჰქონია, უთხრეს, რომ მაშინ ამ საკითხს გადასცემდნენ ეროვნულ ბანკს საკითხის გამოსაძიებლად.

შემდეგ უკვე მომხმარებლებს თაღლითები დაუკავშირდნენ ეროვნული ბანკის სახელით და უთხრეს, თითქოს ამ თაღლითობას იძიებდნენ და ამისთვის მომხმარებელი უნდა შესულიყო თავის ინტერნეტბანკში ან მისულიყო ფილიალში, ეს სესხი აეღო, რომ თავის ანგარიშზე დაესვა და შემდეგ მესამე პირის ანგარიშზე გადაერიცხა.

სამწუხაროდ, ერთეული შემთხვევები იყო, მაგრამ მაინც გააკეთეს ეს ოპერაცია მომხმარებლებმა. ზოგი ინტერნეტბანკში შევიდა, ზოგი ფილიალში, აიღო სესხი და მესამე პირის ანგარიშზე გადარიცხა. ეს არის წარმოუდგენელი რამ, ასეთ რამეს ეროვნული ბანკი მომხმარებელს არ მოსთხოვს.

მინდა, ნათლად განვმარტო, რომ ჩვენს ცხელ ხაზზე მომხმარებლის პრეტენზიებს ვისმენთ, მათ ვეხმარებით ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში და გარკვეული პრობლემების აღმოფხვრაში. არცერთ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი არ მოითხოვს მომხმარებლისგან გარკვეული ოპერაციების შესრულებას, არც სესხის აღებას და არც დეპოზიტის დარღვევას, მით უმეტეს, არც თანხის სადმე გადარიცხვას.

თუკი ვინმე ეროვნული ბანკის ან სხვა სახელით მომხმარებელს მსგავს რამეს სთხოვს, ეს შესაძლოა, თაღლითობასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ მომხმარებლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ასეთ ზარებს. თუკი ვინმე მათ ეუბნება, რომ სადმე თანხა გადარიცხოს ან სესხი აიღოს, კარგად დაფიქრდნენ, ვინ უკავშირდებათ, ინფორმაცია აუცილებლად გადაამოწმონ საკუთარ მომსახურე ორგანიზაციასთან და არცერთ შემთხვევაში სპონტანურად გარკვეული ოპერაციები არ გააკეთონ“, – განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

მისი თქმით, მსგავს შემთხვევებში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სამართალდამცავი ორგანიზაციები.

როგორც ლაშა გზირიშვილმა აღნიშნა, საკითხს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიაც შეისწავლის.

„როდესაც მომხმარებელს თაღლითებმა ინფორმაცია მოჰპარეს და მას გარკვეული სახის ოპერაცია არ შეუსრულებია, ამ შემთხვევაში არსებობს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი – საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც კონკრეტულად განიხილავს საგადასახადო მომსახურებასთან დაკავშირებულ დავებს და მომხმარებელს შეუძლია, ამ ორგანოს მიმართოს“, – განაცხადა ლაშა გზირიშვილმა.

გამოგვყევით