logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

საქართველოს ნიკოტინის წინააღმდეგ გლობალურ ინიციატივაში ჩართვას ურჩევენ

საქართველოს ნიკოტინის წინააღმდეგ გლობალურ ინიციატივაში ჩართვას ურჩევენ

1795094250

სტამბოლში, თამბაქოს კონტროლის მე-11 ევროპული კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოდან „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლობა ესწრებოდა.  

მოწევისა და თამბაქოს პრევენციის ევროპული ქსელისა (ENSP) და თურქეთის მწვანე ნახევარმთვარის საზოგადოების (Yeşilay) ორგანიზებულ, მასშტაბური საერთაშორისო შეხვედრის მთავარი მიზეზი თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიის ახალი, აგრესიული მარკეტინგული სტრატეგიები გახდა, რომლითაც ბაზარზე მასობრივად შემოსული ახალი პროდუქტები (ელექტრონული სიგარეტები, ნიკოტინის ბალიშები) არსებულ რეგულაციებს გვერდს უვლიან და პირდაპირ მოზარდებზე არის გათვლილი. შეხვედრა „სტამბოლის დეკლარაცია 2026“-ის მიღებით დასრულდა - ერთიანი პოლიტიკური და საექსპერტო მანიფესტით, რომელიც მთავრობებს ბავშვთა განვითარებადი ტვინის ნიკოტინისგან დაცვისა და „ტექნოლოგიურად ნეიტრალური“ კანონმდებლობის მიღებისკენ მოუწოდებს.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული დეკლარაცია, რადგან იმედი გვაქვს, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს ახალ საკანონმდებლო წინადადებებს, რომლითაც მაქსიმალურად დაიცავენ ჩვენს ბავშვებსა და ახალაზრდებს თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი პროდუქტების აგრესიული შემოტევისაგან. 

კონფრენციაში მონაწილე ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს გამოცდილება გაუზიარა პალაუს პირველმა ლედიმ და კოალიცია „თამბაქოსგან თავისუფალი პალაუს“ თავმჯდომარემ, ვალერი უიპსიმ (Valerie Ngereblungt Remengesau Whipps) და საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოუწოდა, შეუერთდნენ გაეროში მათ მიერ წარდგენილ ისტორიულ ინიციატივას, რომელიც ნიკოტინის, როგორც ნარკოდამოკიდებულების გამომწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, საერთაშორისო კონტროლის სიაში შეტანას ისახავს მიზნად.

ვალერი უიპსის განცხადებით, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფო პალაუმ პრაქტიკაში გამოსცადა, რომ თამბაქოს ინდუსტრიასთან ბრძოლა პროდუქტების სათითაოდ აკრძალვით უშედეგოა.

„ჩვენ ჯერ ელექტრონული სიგარეტები ავკრძალეთ, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე თვეში ბაზარზე ნიკოტინის ბალიშები გამოჩნდა. ინდუსტრიას აქვს უზარმაზარი რესურსი, რათა კანონის გვერდის ავლით, პერიოდულად ახალი პროდუქტი გამოუშვას. აღარც კი მალავენ, რომ პირდაპირ დამოკიდებულებას ყიდიან და მათი სამიზნე ბავშვები არიან. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ბრძოლა არა კონკრეტული მოწყობილობების, არამედ თავად მთავარი ნივთიერების, ნიკოტინის მოლეკულის (როგორც ბუნებრივი, ისე სინთეზური ფორმების) წინააღმდეგ დაგვეწყო“, - აღნიშნა პალაუს პირველმა ლედიმ.

1971 წლის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა კონვენციის საფუძველზე, პალაუ გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც გაეროს გენერალურ მდივანს ნიკოტინის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა კონტროლის სიაში შეტანის ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა. საკითხი უკვე ოფიციალურად შეტანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტთა კომიტეტის 2027 წლის ოქტომბრის დღის წესრიგში.

ვალერი უიპსმა ქართულ მხარეს გაუზიარა კონკრეტული ფორმულა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოშიც ეფექტური იქნება:

  • გაეროს ინიციატივაში ჩართვა: რაც უფრო მეტი ქვეყანა გაგზავნის ოფიციალურ შეტყობინებას გაეროში, მით მეტი წონა ექნება ჯანმო-ს გადაწყვეტილებას. პალაუს პირველი ლედი ურჩევს საქართველოს მთავრობას, გაგზავნოს ანალოგიური მიმართვა და აქტიურად ჩაერთოს სამეცნიერო მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე, რომელიც 2027 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. ნიკოტინის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა საერთაშორისო კონტროლის სიაში მოხვედრა საქართველოს მისცემს ბევრად ძლიერ ბერკეტებს ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად.
  • პოლიტიკური ნება და „საბოლოო დასასრულის“ ამბიცია: ვალერი უიპსის თქმით, პალაუს წარმატება განაპირობა პარლამენტში მხარდამჭერების („ჩემპიონების“) არსებობამ, სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ და კანონმდებლობაში თამბაქოს სრული აღმოფხვრის ამბიციური მიზნის ჩადებამ.

“თამბაქოს კონტროლის ალიანსს მიგვაჩნია, რომ „სტამბოლის დეკლარაცია 2026“-სა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოში დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ბავშვებზე გათვლილი ელ. სიგარეტები, ნიკოტინის ბალიშები და ასევე აიკრძალოს არომატები  ყველა სახის თამბაქოსა და ნიკოტინის ნაწარმში, გაძლიერდეს გადასახადები, დაინერგოს სადა შეფუთვა ყველა სახის ახალ ნაწარმზე და გამკაცრდეს კვამლისა და აეროზოლებისგან თავისუფალი გარემოს და ინტერნეტში რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვის კონტროლი. დეკლარაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბიზნესის სოციალურ-ეკონომიკური ინტერესები არასდროს უნდა გახდეს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის გადავადების საფუძველი”, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

გამოგვყევით