logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ეკომეგობრული აჭარა 2026" - კამპანიის ფარგლებში 36 სკოლის მოსწავლეებმა 64 ტონაზე მეტი ელექტრონარჩენი შეაგროვეს

"ეკომეგობრული აჭარა 2026" - კამპანიის ფარგლებში 36 სკოლის მოსწავლეებმა 64 ტონაზე მეტი ელექტრონარჩენი შეაგროვეს

1795094566

საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ კამპანიის „ეკომეგობრული აჭარა 2026“-ის მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. ინიციატივის ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 36 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ჩატარდა შემეცნებითი და ინტერაქტიული შეხვედრები ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე.

შერჩეული საჯარო სკოლების მოსწავლეები გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთნენ და ელექტრონარჩენების შეგროვების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებისა და სკოლების აქტიური ჩართულობით ჯამში 64 ტონაზე მეტი  ელექტრონარჩენი შეგროვდა.

პროექტის ფარგლებში „ვეისთლესის“ გუნდმა 10 დღის განმავლობაში ბათუმის, ხულოს, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების 36 საჯარო სკოლა მოიცვა. მოსწავლეებთან გამართულ ინტერაქტიულ შეხვედრებზე განხილული იყო ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ელექტრონარჩენების სწორი მართვის საკითხები. შეხვედრების მიზანი იყო, ახალგაზრდებს უკეთ გაეაზრებინათ ელექტრონარჩენების გარემოზე ზემოქმედება და მათი ცალკე შეგროვებისა და გადამუშავების მნიშვნელობა.

„საგანმანათლებლო ეტაპის დასრულების შემდეგ სკოლებს შორის ელექტრონარჩენების შეგროვების კონკურსი დაიწყო. მონაწილე სკოლებში განთავსდა სპეციალური შესაგროვებელი ყუთები, რომლებშიც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ძველი და გამოუსადეგარი ელექტრონული მოწყობილობები მოეთავსებინათ. ამასთანავე, კამპანიის ფარგლებში განხორციელდა სოციალური მედიის აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გარემოსდაცვითი თემატიკის კრეატიული ვიდეოების შექმნითაც ჩაერთნენ. კამპანიის ფარგლებში 40-მდე კრეატიული ვიდეო შეიქმნა, რომელიც ტიკტოკის ოფიციალურ გვერდზე გაზიარდა. მონაწილეთა აქტიურობა და ინტერესი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები მზად არიან, გარემოსდაცვითი ცვლილებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით არ შემოიფარგლოს და მიღებული ცოდნა პრაქტიკულ ქმედებებში აისახოს. მოზარდებმა ძალიან იყოჩაღეს და კამპანიის ფარგლებში შეგროვებული 64 ტონაზე მეტი  ელექტრონარჩენი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია,  რაც ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს და ახალგაზრდების მაღალ პასუხისმგებლობას ადასტურებს. ზოგადად, გარემოსდაცვითი განათლების პრაქტიკულ აქტივობებთან დაკავშირება რეალურ შედეგებს იძლევა. კონკურსის გამარჯვებულები ის სკოლები გახდებიან, რომლებმაც ყველაზე მეტი ელექტრონარჩენი შეაგროვეს, “ — აცხადებს საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ თავმჯდომარე, გიორგი გულიაშვილი.

პროექტი 28 ნოემბერს, ბათუმის სპორტის სასახლეში მასშტაბური ეკოფესტივალით დაიხურება, სადაც გამარჯვებული სკოლები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან. კამპანიის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის დანერგვა.

ეკოფესტივალი გიორგი ცხადაძისა და მისი ბენდის 4+2 კონცერტით დასრულდება. დასწრება თავისუფალია.

კამპანიის მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის პოპულარიზაცია და მომავალი თაობის აქტიური ჩართულობით გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება.

„ეკომეგობრული აჭარა 2026“  წარმოადგენს ინიციატივას, რომლის მთავარი ღირებულება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრაქტიკაში დანერგვა და ახალგაზრდების ჩართულობით მდგრადი გარემოს შექმნაა. კამპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ელექტრონარჩენების ცალკე შეგროვებისა და სპეციალიზებული გადამუშავებისთვის ჩაბარების აუცილებლობას, რადგან მათი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა გარემოსთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.

საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესი“, რომელიც 17 375 ბიზნესკომპანიას აერთიანებს, ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ასოციაცია მსგავსი საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი ინიციატივების საქართველოს სხვა რეგიონებშიც განხორციელებას გეგმავს.

გამოგვყევით