"2027 წელს საქართველოს ეკონომიკა 126 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ერთ სულ მოსახლეზე კი მშპ 12 ათას აშშ დოლარზე მეტი იქნება. ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ სექტორებად მშენებლობა, ტურიზმი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ლოგისტიკა სახელდება,"- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, მომდევნო წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა 2027 წლის ბიუჯეტი გლობალური და გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, კონსერვატიული მიდგომით იგეგმება.
"აღნიშნული სექტორები ის მიმართულებებია, რომლებიც წლების განმავლობაში საკმაოდ კარგ ზრდას აგენერირებს საქართველოს ეკონომიკაში. 2027 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 38.350 მილიარდ ლარზე მეტი იქნება, რაც მიმდინარე წლის ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებელს 2.3 მილიარდი ლარით აღემატება. აქედან ყველაზე დიდ ნაწილს საგადასახადო შემოსავლები შეადგენს, რომელიც თითქმის 30 მილიარდია,"- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებულია 2.5%-ის საბიუჯეტო დეფიციტი და 2.6% მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. მინისტრის ინფორმაციით, ბიზნესს ზედმეტად გადახდილი გადასახადების სახით დაახლოებით 3.2 მილიარდი ლარი დაუბრუნდება.