logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"კარგი იქნება, თუ ყველა ბინაში გაზის დეტექტორის დამონტაჟება სავალდებულო გახდება" - გია არაბიძე

ენერგეტიკოს გია არაბიძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ნებისმიერ ბინაში გაზის დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო გახდება.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, იმ შემთხვევაშიც, თუ ბინა დაკეტილია და ადგილზე გაზის მოხმარება არ ხდება, უმჯობესია, დროებით გაზის მიწოდება შეწყდეს.

„ურიგო არ იქნება, თუ ისეთ ბინებში, რომლებიც 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში დაკეტილია და გაზის დანადგარი არ მუშაობს, კანონმდებლობით ან შესაბამისი გადაწყვეტილებით, დაილუქება ბინაში გაზის მიმწოდებელი სარქველები, ხოლო როდესაც პატრონი მოვა და გაზის მოხმარება დასჭირდება, გარკვეული შემოწმების შემდეგ მიეცეს გაზის გამოყენების უფლება.

2020-2021 წლიდან მომხდარი ასეთი პრობლემების 80%-ზე მეტი დაკეტილ ბინებზე მოდის. ეს საყურადღებოა, რადგან დაკეტილი ბინები გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ძველ ბინებში გაზის დეტექტორების დაყენების პრობლემაა და, გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს სარკმელებიც. გარდა ამისა, იქნებ ნებისმიერ ბინას დავავალდებულოთ გაზის დეტექტორების დაყენება“, - განაცხადა გია არაბიძემ.

მისი თქმით, 1 კუბური მეტრი გაზის აფეთქებას 800 კილოგრამი ტროტილის ძალა აქვს, ხოლო აფეთქების შედეგად წნევა 10-ჯერ იზრდება.

„ეს უზარმაზარი ძალაა, რომელსაც შეუძლია სერიოზულად დაანგრიოს დიდი კორპუსებიც. ამიტომ, ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა საჭირო, რაც მთელი რიგი საკითხების გათვალისწინებას მოითხოვს. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ გაზის მომხმარებლები გაზის დანადგარებთან დაკავშირებით უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გია არაბიძემ.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, ბუნებრივი აირის გაჟონვის ეჭვის შემთხვევაში, აუცილებლად გადაკეტონ გაზის ცენტრალური სარქველი და შესაბამისი სამსახური გამოიძახონ.

გარდა ამისა, როგორც გია არაბიძე მათ ურჩევს, თუ გაზის დანადგარი რამდენიმე მცდელობის შემდეგ არ ჩაირთო, მისი ხელახლა ჩართვა არ უნდა სცადონ.

„თუ გაზის დანადგარმა ჩართვისას გიმტყუნათ, ნუ ეცდებით მის თავიდან ჩართვას. აუცილებლად გამოიძახეთ  ხელოსანი. ის გეტყვით, შესაძლებელია თუ არა მისი გამართვა, თუ არა, ექსპლუატაციიდან უნდა მოხსნას. ღამის საათებში ნუ დატოვებთ გაზის დანადგარებს იმავე სიმძლავრეზე ჩართულს. გადაიყვანეთ მიძინების რეჟიმში, რომ მშვიდად გეძინოთ“, - მიმართა გია არაბიძემ მოსახლეობას.

მისი განმარტებით, თუ დაკეტილ ოთახში გაზის კონცენტრაცია 5%-ს აღწევს, ეს უკვე ფეთქებადსაშიშ კონცენტრაციად მიიჩნევა.

„დაახლოებით 5-დან 15%-მდე შუალედია, სადაც შეიძლება გაზის აფეთქება მოხდეს. განსაკთრებთ მძიმეა 9-დან 10%-მდე. ამ კონცენტრაციის დროს, გარკვეულ შემთხვევებში, თვითაალებაც კი ხდება“,-განაცხადა გია არაბიძემ.

შეგახსენებთ, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი - დაშავდა.  ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გამოგვყევით