რაჭაში მდებარე მეღვინეობის კომპანია Gonadze Vineyards სასტუმროს გაფართოებას გეგმავს. როგორც ობიექტის დამფუძნებელმა, ზვიად გონაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სასტუმროს გაფართოებასა და ყურძნის ახალი ჯიშების წარმოებაში 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„ჩვენი სასტუმრო Gonadze Vineyards, რომელიც 30 ნომერს მოიცავს, ზაფხულში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ინტენსიურად არის დატვირთული. წელს ვგეგმავთ, რომ სასტუმროს მოცულობა ფაქტობრივად გავაორმაგოთ. მომხმარებლებს ღვინის ტურებს, დეგუსტაციებს, აუზსა და საუნასაც ვთავაზობთ.
სასტუმროს გაფართოების გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ რაჭაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ვითარდება და მოთხოვნა რეალურად არსებობს. მრავალი ათეული წელია, ჩვენი ძირითადი საქმიანობა მევენახეობა იყო. მუდმივად ვამატებთ ვაზის ახალ ჯიშებს, რაც მეღვინეობის მიმართულებითაც გვაძლევს უპირატესობას და საშუალებას გვაძლევს, საკუთარი ვენახების მოსავლით ღვინო ვაწარმოოთ“, - განაცხადა ზვიად გონაძემ.
მისივე თქმით, სასტუმროს მიმართ ინტერესი დიდია როგორც ადგილობრივების, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან.
„ტურისტების მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა. მარტიდან ჩვენთან ჩამოდიან გერმანელები, ავსტრიელები, შვეიცარიელები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. გეოგრაფიულად რთულია კონკრეტული ქვეყნების გამოყოფა, რადგან სტუმრები ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდიან“, - აღნიშნა ზვიად გონაძემ.
მისი თქმით, სასტუმროსა და ღვინის საწარმოში, ასევე ვენახებში, ჯამში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. თუმცა, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მუშახელის დეფიციტი რჩება.
„სასტუმროსა და ქარხანაში ძირითადად ადგილობრივები მუშაობენ. რაც შეეხება ვენახებს, იქაც ადგილობრივები არიან დასაქმებული, თუმცა ზოგჯერ სეზონურ, სპეციფიკურ სამუშაოებზე მეზობელი რაიონებიდანაც გვეხმარებიან. ჯამში, ვენახებში, სასტუმროსა და ქარხანაში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მუშახელის ნაკლებობა ყველგან პრობლემაა, განსაკუთრებით კი, რაჭაში“, - განაცხადა ზვიად გონაძემ.
ცნობისთვის, Gonadze Vineyards Hotel (გონაძეების მამული) მდებარეობს რაჭაში, ქალაქ ამბროლაურში. ეს არის მოქმედი მეღვინეობა და სასტუმრო, რომელიც სტუმრებს ადგილობრივ ღვინოებსა და სასტუმროში განთავსებას სთავაზობს.