logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

იაპონური ბრენდი Daiso ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს

მსოფლიოში ცნობილი იაპონური საცალო ქსელი Daiso (დაისო) ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს.

როგორც კომპანია Gtex-ის დამფუძნებელმა, გიორგი ბასილაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, Daiso-ს ფილიალი გლდანის “სითი მოლში”, თბილისი ცენტრალში და კიდევ სხვა ადგილებში გაიხსნება.

“მოლაპარაკებები უკვე  დასრულებულია, ხელშეკრულებას ხელი უკვე მოვაწერეთ, ეს არის ფართო ასორტიმენტის მწარმოებელი იაპონური კომპანია Daiso, რომლის პირველი  ფილიალი, ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში   "გლდანი სითი მოლში” გაიხსნება, მომდევნო სავაჭრო ობიექტის გახსნა კი დეკემბრის ბოლომდე "თბილისი ცენტრალშია" დაგეგმილი.  ვფიქრობთ, რომ 2027 წლის ბოლომდე დაახლოებით 7 ობიექტს გავხსნით”,-განაცხადა გიორგი ბასილაძემ.

მისი თქმით, სხვა ბრენდების შემოყვანასთან დაკავშირებით მუშაობა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთანაც მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდება, რადგან მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.

ცნობისთვის, Daiso (დაისო)  მსოფლიოში ცნობილი იაპონური საცალო ქსელია,  რომელიც ცნობილია საყოფაცხოვრებო ნივთების, საკანცელარიო მასალების, სამზარეულოს ჭურჭლის, კოსმეტიკის, სათამაშოების და იაპონური ტკბილეულის მრავალფეროვანი და ძალიან ბიუჯეტური ასორტიმენტით.

რაც შეეხება კომპანია  Gtex-ს, ის  საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა Collezione იყო. ამჟამად,  Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი. კომპანიას საქართველოს მასშტაბით  30-ზე მეტი ობიექტი აქვს.

გამოგვყევით