ავტოიმპორტიორ კომპანიებს ელექტრომობილებზე მოთხოვნა რეკორდულად გაეზარდათ.
როგორც „ბიზნესპარტნიორს" კომპანია „ქარექს ავტოს“ დირექტორმა, ვატო ფაჩულიამ განუცხადა, მათი კომპანიის მაგალითზე მატება 70%-ის ფარგლებშია.
„გასულ წელთან შედარებით, მომხმარებლების მხრიდან ელექტრომობილებზე მოთხოვნა სწორედ 70%-ით გაგვეზარდა. ამჟამად, ჩვენი მომხმარებლების მხოლოდ 10%-15% ინტერესდება ბენზინზე მომუშავე მანქანების შეძენით. მცირე ნაწილი ჰიბრიდულ ავტომობილებზეა ორიენტირებული, გაცილებით დიდი ნაწილი კი - ელექტრო მანქანებს ირჩევს“, - განმარტა ვატო ფაჩულიამ.
რაც შეეხება საფასო კატეგორიას, „ქარექს ავტოს“ დირექტორის ინფორმაციით, ადგილობრივი მყიდველი უპირატესობას 8-დან 15 ათასი დოლარის ფარგლებში ღირებულების ელექტრომობილებს ანიჭებს. ამ ტიპის მანქანების იმპორტი, უმეტესად, აშშ-დან და ჩინეთიდან ხორციელდება. თუმცა, გაზრდილია ევროპული წარმოების ელექტრო ავტომობილების წილიც ქართულ ბაზარზე.
ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველომ 135 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების 9 417 ელექტრომობილი შეიძინა. იმპორტი, თითქმის, 48%-ით არის გაზრდილი.