logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ყოველწლიურად მომხმარებლებისთვის მილიონ ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცემა"- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ყოველწლიურად მომხმარებლებისთვის მილიონ ლარზე მეტი კომპენსაციის სახით გაიცემა, რომელსაც კომუნალური კომპანიები მომხმარებლებს უხდიან.

როგორც დავით ნარმანიამ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, დღეს მომხმარებლებმა უკვე კარგად იციან თავიანთი უფლებები და, როდესაც ისინი მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ, სემეკი ყველა საკითხს ინდივიდუალურად სწავლობს და შემდეგ კომპენსაციას არიცხავს.

„ავტომატურ რეჟიმშიც ხდება კომპენსაციების დარიცხვა, ხელით ჩარევა არ არის სავალდებულო. როცა სემეკის მიერ დადგენილ ვადებში შესაბამის მომსახურებას კომუნალური კომპანია ვერ უწევს, ან ახალ მომხმარებელს ქსელზე არ აერთებს, დაარღვია ვადა და ამას ჰქონდა სუბიექტური საფუძველი, ან დაპროექტებასა და პროექტირებას ბევრი დრო მოანდომა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი კომპიუტერული სისტემა ავტომატურად არიცხავს მომხმარებლებს კომპენსაციას. როგორც წესი, ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტია კომპენსაციის სახით მომხმარებლებისთვის გადახდილი თანხა, რომელსაც კომუნალური კომპანიები მომხმარებლებს უხდიან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მან აღნიშნა, რომ ენერგეტიკის თვითკმარობის უზრუნველყოფას სამი მნიშვნელოვანი რამ სჭირდება: ენერგიის წყაროები, საინვესტიციო რესურსები და კარგი ადმინისტრირების სისტემა.

„ენერგიის წყაროები გვაქვს, როგორც ჰიდრო, ასევე ქარისა და მზის სახით. გვაქვს კარგად გამართული ადმინისტრაციული და მარეგულირებელი მექანიზმები. ამიტომ გვჭირდება ინვესტიცია ენერგეტიკაში.

წლიდან წლამდე საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება, გარდა უმნიშვნელო შეფერხებისა, რაც ამ თვალსაზრისით სხვადასხვა საზოგადოებრივი პროტესტიდან გამომდინარე იყო. დაინტერესება მუდმივად ჩანს.

ჩემი ვარაუდით, მომავალში საინვესტიციო ნაკადები გაიზრდება, იმიტომ, რომ მომავალში ენერგიაზე მოთხოვნაც არსებობს“, - განაცხადა ნარმანიამ.

გარდა ამისა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ განახლებადი რესურსების წილი ბოლო წლების განმავლობაში იზრდება.

„არაგანახლებადი რაც გვაქვს, ეს არის თბოსადგურები. შესაბამისად, თბოსადგურების რაოდენობა და მათი დადგმული სიმძლავრე არ გაზრდილა. მეორე მხრივ, იზრდება ახალი ჰიდროსადგურების, ქარისა და მზის სადგურების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, განახლებადების წილი ჯამურ ენერგეტიკულ მიქსში იზრდება.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ „ხობი 2“-ის ჰიდროსადგურზე გავეცით წარმოების ლიცენზია, ასევე - „მტკვარი ჰესზე“. რამდენიმე თვის წინ კასპის მუნიციპალიტეტში ქარის მცირე სადგურზე გავეცით ლიცენზია. ახლა ექსპლუატაციაში შევიდა და ჩვენთან წარმოდგენილია შესაბამისი სალიცენზიო განაცხადი ძალიან მსხვილ, 200 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის ქარის სადგურზე, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ასევე, როგორც დღეს პრემიერმა ისაუბრა, სხვა რამდენიმე სადგურიც შევა წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში. ამიტომ, როცა ჩვენ წელს შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ წინა წლებთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი იქნება საინვესტიციო აქტივობები.

მარნეულის მუნიციპალიტეტში სრულდება მზის კომერციული სადგურები. ადრე უფრო საკუთარი მოხმარების სადგურები ვითარდებოდა, ახლა კი უფრო ინდუსტრიული მზის სადგურები შემოვა ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, მან განმარტა, თუ რატომ გადავადდა ენერგეტიკული ბაზრის გახსნა.

„დეფიციტური ბაზრის პირობებში ფასი არის მაღალი. დღეს ჩვენ დეფიციტური ენერგობაზარი გვაქვს. წლიური მოხმარება ჩვენთან გაცილებით მეტია, ვიდრე ადგილობრივი წარმოება. ამიტომ იმპორტდამოკიდებულები ვართ - ან გაზი უნდა შემოვიტანოთ და თბოსადგურებზე დავამუშაოთ, მივიღოთ ენერგია, ან პირდაპირ ელექტროენერგიის იმპორტი უნდა განვახორციელოთ დეფიციტურ თვეებში.

აქედან გამომდინარე, როცა მოთხოვნა მიწოდებას აღემატება, ეს ფასზე მოქმედებს. ამიტომ ბაზრის გახსნა უპრიანია მაშინ, როცა ჭარბი ადგილობრივი წარმოება გვექნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოგვყევით