2026 წლის ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 466 მილიონი ლარით და 31 მილიარდ 348 მილიონ ლარს შეადგენს იზრდება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, დამტკიცებული ცვლილებებით, ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 50 მილიონი ლარი, რაც ახალი სამთავრობო ინიციატივის შესაბამისად, მიიმართება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების საკომპენსაციოდ. ჯამში, ამ მიზნით მიმდინარე წელს 100 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენი თანხა უკვე განსაზღვრულია 2027 წლის ბიუჯეტში.
"სპორტის სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 35 მილიონი ლარი.
სკოლების დაფინანსების ნაწილში წარმოქმნილი საჭიროების შესაბამისად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს დამატებით გამოეყოფა 10 მილიონი ლარი.
მიმდინარე წლის რთველის ფარგლებში, ყურძნის შესყიდვისა და მისი გადამუშავების ხარჯების დაფინანსების მიზნით, დამატებით გამოეყოფა 170 მილიონი ლარი.
ეკონომიკის სამინისტროს 180 მილიონი ლარი გამოეყოფა ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის გადასაცემად. აღნიშნული თანხით, კორპორაცია უზრუნველყოფს ე.წ. ოფციური გაზის შესყიდვას, რომლითაც მომდევნო წლის განმავლობაში განხორციელდება მოსახლეობის მომარაგება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი გაზრდილია 45 მილიონი ლარით.
დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის, დამატებით გამოყოფილია 15 მილიონი ლარი",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი ეკონომიაა საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვის ნაწილში. შესაბამისად, ამ მიზნით გამოყოფილი თანხა მცირდება 237 მილიონი ლარით.
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე, იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, რომელიც ნაწილდება წლის განმავლობაში წარმოქმნილი დამატებითი საჭიროებების დასაფინანსებლად, მომდევნო წელს დაგეგმილი რიგი პროექტების დაფინანსებასა და ყველაზე დიდი მოცულობით - ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე.
„ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი თავდაპირველად დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5 პროცენტის ნაცვლად, განახლებული გეგმის მიხედვით, მცირდება 1.2 პროცენტამდე, თუმცა შესაძლებელია ფაქტიური მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი მივიღოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.