საქართველო 2027 წელს ევროპის სახელმწიფო საფოსტო ოპერატორების ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნესფორუმს უმასპინძლებს. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის გიორგი ერაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე იქნა მიღებული.
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის განცხადებით, PostEurop-ის გენერალური ასამბლეისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა როგორც საქართველოს ფოსტისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის -საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ევროპის საფოსტო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, ასევე ზოგადად ქვეყნის პოტენციალის წარმოსაჩენად.
„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და განვითარებადი ლოგისტიკური შესაძლებლობები ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის. თბილისი საერთაშორისო მონაწილეებს ღირსეულად უმასპინძლებს, ღონისძიება კი ახალი საქმიანი ურთიერთობებისა და გამოცდილების
გაზიარების შესაძლებლობად იქცევა“, - აღნიშნა გიორგი ერაძემ.
საქართველოს ფოსტის ცნობით, PostEurop-ის გენერალური ასამბლეა და ბიზნესფორუმი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, ის ევროპის საფოსტო ადმინისტრაციებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და სექტორის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ.
"ბაქოში მიმდინარე გენერალურ ასამბლეას და ბიზნესფორუმს ევროპის 33 საფოსტო ადმინისტრაციის 110 წარმომადგენელი და მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) გენერალური დირექტორი ესწრება. ფორუმის დღის წესრიგში საფოსტო სექტორის ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია, მათ შორის - ინოვაციები, ახალი
ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტრანსფორმაცია, ელექტრონული კომერციის განვითარება და ბიზნესისა და საოპერაციო მდგრადობის გაძლიერება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.