საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია (REA) ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების ახალი საფასურის ამოქმედებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"მიმართვა უკავშირდება საქართველოს მთავრობის №535 დადგენილებით ამოქმედებულ საბაჟო გაფორმების ახალ საფასურს. ასოციაციამ უწყების ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრის გამართვის ინიციატივა დააყენა, რათა კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში განვიხილოთ რეგულაციის გავლენა სექტორზე და დავაზუსტოთ მიმდინარე ტექნიკური საკითხები.
ასოციაცია მზად არის თანამშრომლობისთვის და იმედოვნებს, რომ შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება,"-ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 2026 წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 13 ნოემბრის №535 დადგენილება, რომლითაც ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის (სეს ესნ 61–65 ჯგუფები) იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა.