logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მზის ელექტროსადგურებისთვის ახალი აუქციონის საჭიროებას ვერ ვხედავ" - თორნიკე დარჯანია

“მზის ელექტროსადგურებისთვის ახალი აუქციონის საჭიროებას ვერ ვხედავ,"- ამის შესახებ Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა განაცხადა. თორნიკე დარჯანიას თქმით, სამართლიანი იქნება, თუ მზის სადგურებისთვის  წინა სიმძლავრის აუქციონებში დაკონტრაქტებული ტარიფების გადახედვა მოხდება.

"მორიგი აუქციონი მზის ენერგეტიკაში არაფერს ახალს არ მოგვცემს. უკვე გაცემულია ბევრი თანხმობა მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, რომლებსაც  დიდი ალბათობით კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ  ქსელში ინტეგრაცია.  მარტივად რომ ვთქვათ, რაზეც უკვე არის გაცემული მშენებლობის თანხმობა, პირველ რიგში, ის უნდა აშენდეს. ჩვენ, როდესაც პირველი აუქციონები ჩავატარეთ, ქსელში ინტეგრაციის საკმაოდ ლოიალური პირობები იყო. ახლა ეს გართულებულია. მოითხოვება კომპენსატორი, დამაგროვებელი, ამიტომ ამ ყველაფერმა გააძვირა პროექტი. ამ კუთხით შეიძლება ვისაუბროთ რომ ამ მოულოდნელი ხარჯების კომპენსირება მოხდეს და დაკონტრაქტებული ტარიფები გადაიხედოს,"- აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.

მისივე თქმით, ახალი მოთხოვნები მცირე სიმძლავრის მზის სადგურების მშენებლობას 5-10%-ით აძვირებს.

ცნობისთვის, ენერგეტიკის სექტორი  ახალი სიმძლავრის  აუქციონის გამოცხადების მოლოდინშია. აუქციონი ე.წ.  ოლანდიური მოდელით, სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს გამოცხადდება. მთავარი ცვლილება, რის საჭიროებაზეც ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ, ტარიფებია. ბიზნესი ამბობს რომ აქამდე არსებული ტარიფები საკმარისი არ არის, რადგან ჰესების, მზისა და ქარის სადგურების მშენებლობა მნიშვნელოვნადაა გაძვირებული.

~CFD აუქციონები საქართველოში 2023 და 2024 წლებში გაიმართა. ბოლო აუქციონში დაფიქსირებული მედიანური ტარიფები ასეთია - ჰიდროელექტროსადგურებისთვის მოდინებაზე - 6,5 ცენტი; ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6 ცენტი; მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 ცენტი.

გამოგვყევით