logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"საახალწლო ტურისტული პაკეტები, დაახლოებით, 10-15%-ის ფარგლებში გაძვირდა" - გოგა ქუცნიაშვილი

საახალწლო ტურისტული პაკეტები, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 10-15%-ის ფარგლებში გაძვირდა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გამყვანი ტურიზმის სპეციალისტმა, გოგა ქუცნიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ფასების მატება, უმეტესად, ავიაბილეთების ღირებულებამ განაპირობა, რაც თავის მხრივ, საავიაციო საწვავის გაძვირებას უკავშირდება.

„რაც შეეხება სასტუმროებსა და სხვა მომსახურებებს, ფასები გასული წლის იდენტურია. აღსანიშნავია, რომ წელს, საახალწლო ტურისტულ პაკეტებზე მოთხოვნა სექტემბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდა. ტრადიციულად, ყველაზე მოთხოვნადია ისეთი მიმართულებები, სადაც საშობაო ბაზრობებია. მაგალითისთვის, ძალიან აქტუალურია - ბუდაპეშტის, ვენას, პრაღას, ბერლინის ტურისტული მიმართულებები“, - განმარტა გოგა ქუცნიაშვილმა.

მისივე თქმით, ჯამში, მიუხედავად 2026 წელს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, რამაც საავიაციო სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ტურისტების ნაკადი არ შემცირებულა.

როგორც გოგა ქუცნიაშვილი განმარტავს, წელს, ტურისტულ კომპანიებში ქართველი მოგზაურების მიმართვიანობა, ფაქტობრივად, გასული წლის მაჩვენებლებზე ნარჩუნდება და მცირედ ზრდასაც აჩვენებს.

ცნობისთვის, წელს, საერთაშორისო ანალიტიკური პორტალები მსოფლიო ტურიზმის შემცირებას არ ელოდებიან. არსებული პროგნოზით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 1.5 მილიარდ ადამიანს გადააჭარბებს, რაც 2%-ით მეტი იქნება წინა წლის მონაცემზე. მათ შორის, მზარდია ქართველი მოგზაურების რიცხვიც.

გამოგვყევით