საქართველოში ავტომობილები გაძვირდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ განუცხადა, ბოლო პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე, ფასები სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის მიხედვით, საშუალოდ, 15-20%-ით არის გაზრდილი.
ალექსი ნონიაძე მანქანებზე ფასების მატების მიზეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანაში, 2026 წლის აპრილიდან, ავტომობილების განბაჟებაზე ამოქმედებულმა ახალმა ტარიფებმა განაპირობა.
გარდა ამისა, ნონიაძე მანქანების გაძვირების კიდევ ერთ ფაქტორად საიმპორტო ბაზრებზე დაბალბიუჯეტური მსუბუქი ავტომობილების დეფიციტს ასახელებს.
„მაგალითისთვის, საქართველოსთვის მთავარ საიმპორტო ქვეყანაში - აშშ-ში, ავტო აუქციონებზე, შედარებით დაბალფასიანი მანქანების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული“, - განმარტა საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
მან რეალიზაციის მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ გაყიდვები როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე დღითი დღე იკლებს. ამ მიზეზის გამო, ალექსი ნონიაძის ინფორმაციით, ავტოდილერების დიდმა ნაწილმა ეს სექტორი უკვე დატოვა და სხვა სფეროებში გადაინაცვლა.