„ეროვნული ბანკის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა შოკს, დადებით შეფასებას იმსახურებს. თქვენ და თქვენმა გუნდმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში საქმიანობის პარალელურად, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რეგიონი დგას შეძელით ეკონომიკური ზრდის დონის შენარჩუნება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯიჰად აზურმა განაცხადა.
ჯიჰად აზურმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ნათია თურნავას, სსფ-ს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - „მმართველთა საუბრები“-ს სესიაში უმასპინძლა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის შედეგები არსებულ მოლოდინებზე უკეთესია.
„საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებლებმა, ფაქტობრივად, ყველა პროგნოზს გადააჭარბა. ხოლო თქვენი ბოლო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, ინფლაციის რისკის თავიდან აცილების ან შეკავების მიზნით, მაღალ შეფასებას იმსახურებს“, - აღნიშნა ჯიჰად აზურმა.
IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, სესიის ფარგლებში ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ გაზარდა ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობისთვის საჭირო ბუფერები, განახორციელა ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, განავითარა ფინანსური ტექნოლოგიები და დანერგა არაერთი ფინანსური ინოვაცია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ Governor Talk-ის სესიაზე ნათია თურნავა ჯიჰად აზურის მიწვევით მონაწილეობდა.
სესიის ფარგლებში ნათია თურნავამ გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ინფლაციური გამოწვევების პირობებში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე, ინფლაციის მართვასა და დედოლარიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.