საოჯახო მარნის „ამიწიე“ (Amitié Wines) დამფუძნებლის, ლუკა ბილაშვილის განცხადებით, რაჭაში შატოს ტიპის მარნის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც დაახლოებით 200-300 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
როგორც ლუკა ბილაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპლექსი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ტოლაში აშენდება და სტუმრებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ ოთახებსა და რაჭულ რესტორანს გააერთიანებს.
„უახლოეს მომავალში შატოს ტიპის მარნის აშენებას ვგეგმავთ. ადგილიც შერჩეული გვაქვს, სადაც ფანტასტიკური ხედებია. კომპლექსი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ტოლაში აშენდება. შატოს ტიპის მარანში სტუმრების დასარჩენად რამდენიმე ოთახი იქნება, ქვედა სართულზე კი ადგილობრივი რაჭული რესტორანი განთავსდება.
ამ ბიზნესგეგმით გვსურს, ტურისტების ხარჯზე გაყიდვები 40-50%-მდე გავზარდოთ. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 200-300 ათასი დოლარი იქნება“, - განაცხადა ლუკა ბილაშვილმა.
ცნობისთვის, „ამიწიე“ (Amitié Wines) რაჭული საოჯახო მარანი და ღვინის ბრენდია, რომელიც რაჭისთვის დამახასიათებელ, გამორჩეულ ღვინოებს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელი ლუკა ბილაშვილია, რომელიც სამომავლოდ წარმოების გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.