logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

გორში "ვაშლიფესტი" გაიმართება

ქალაქი გორი 30-31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს „ვაშლიფესტს“ უმასპინძლებს.

როგორც „ინ ჯგუფის“ სასტუმროების CEO-მ, ერეკლე კოკაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, „ვაშლიფესტის“ მიზანი ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

„ვაშლიფესტზე“ დასწრება სრულიად უფასოა.

„ეს იქნება ადგილობრივი „ოქტობერფესტის“ ვარიანტი. თუ გერმანიაში აქვთ „ოქტობერფესტი“, ჩვენ გვექნება „ვაშლიფესტი“. „ვაშლიფესტი“ თვის ბოლოს გაიმართება და სამი დღე გაგრძელდება. სპეციალურად ავარჩიეთ ეს თარიღები, რომ შაბათ-კვირასაც დამთხვეოდა. თუ ზოგიერთი ადამიანი პარასკევს მისვლას ვერ შეძლებს, შაბათს ან კვირას დაესწრება. გვინდოდა, ყველასთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. დასწრება აბსოლუტურად უფასო იქნება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს. „ვაშლიფესტი“ „გორი ინის“ ტერიტორიაზე გაიმართება. დიდი ეზო გვაქვს და გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე. გვექნება დახლები, სადაც ადგილობრივი კომპანიები იქნებიან წარმოდგენილი, მათ შორის - ვაშლის მწარმოებელი კომპანიებიც. ასევე, წარმოდგენილი იქნება არა მხოლოდ ვაშლი, არამედ სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი, საკვები და სასმელი“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

როგორც მან აღნიშნა, „ვაშლიფესტის“ მიზანია, ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ცნობადობის ამაღლება სჭირდება.

„ეს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს არ მოიცავს. სტუმრებს შორის იქნებიან უცხოელი დამსვენებლებიც. გვინდა, ამ გზით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი კომპანიების განვითარებას. ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება, რომლის მიხედვითაც კომპანიები შევარჩიეთ“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

მისივე თქმით, სურთ, „ვაშლიფესტი“ ყოველწლიურად ჩატარდეს და უფრო მასშტაბური გახდეს.

„ბავშვებისთვის სამივე დღის განმავლობაში ანიმატორები გვეყოლება. ასევე, იქნება ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. გვინდა, „ვაშლიფესტი“ ისეთი ღონისძიება იყოს, რომელიც ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დროის გატარებასთან ასოცირდება“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.

გამოგვყევით