რაჭაში მდებარე საოჯახო მარნისა და სასტუმრო კომპლექსის, „გონაძეების ვენახების“ დამფუძნებლის, ზვიად გონაძის განცხადებით, კომპანიას ბოლო ორი წლის განმავლობაში გაყიდვები ყოველწლიურად 15%-ით ეზრდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, კომპანია ექსპორტს 12 ქვეყანაში ახორციელებს და საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს.
„მრავალი ათეული წელია, ჩვენი საქმიანობის ძირითადი სფერო მევენახეობაა. მუდმივად ვამატებთ ვაზის ახალ ჯიშებს. მეღვინეობის მიმართულებითაც უპირატესობას გვაძლევს ის, რომ საკუთარი ვენახები გვაქვს და ჩვენს მიერ მოყვანილი ყურძნისგან ღვინოს ვაწარმოებთ.
ბოლო ორი წელია, გაყიდვების 15%-იან ზრდას ვაფიქსირებთ როგორც ტრადიციულ ბაზრებზე, ისე ახალი მიმართულებებით. მომავალ წელსაც გაყიდვების ზრდას ველოდებით. დღეს 10-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი. ეს არის არა მხოლოდ ის ქვეყნები, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია, არამედ ახალი, სტრატეგიული ბაზრებიც. ვცდილობთ, ექსპორტის მიმართულებით ქვეყნების სია გავაფართოოთ“, — განაცხადა ზვიად გონაძემ.
მისივე თქმით, ექსპორტის ზრდის მთავარი ბარიერები კონკურენცია და ქართული ღვინის ცნობადობაა.
ზვიად გონაძის განცხადებით, სამომავლოდ კომპანია ღვინის სახეობების რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.
„ამჟამად რაჭისა და ლეჩხუმის ყურძნის ჯიშებისგან რვა სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. სავარაუდოდ, სახეობების რაოდენობას 10-11-მდე გავზრდით. ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ღვინოებზე ვართ კონცენტრირებული, რადგან ჩვენი საწარმოც ამ რეგიონში მდებარეობს“, - განაცხადა ზვიად გონაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ წელს „გონაძეების ვენახები“ გურჯაანის ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა. მისი შეფასებით, მსგავსი ღონისძიებები ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
„რაჭაში გარკვეული ღონისძიებები ტარდება, თუმცა გვინდა, ღვინის პოპულარიზაცია უფრო აქტიურად მოვახდინოთ. მსგავსი ფესტივალები, კონკურსები და გამოფენები ხელს უწყობს ღვინის რეალიზაციას, ხარისხის გაუმჯობესებას და ღვინოსთან დაკავშირებული პროფესიების წარმოჩენას“, - განაცხადა ზვიად გონაძემ.
მისი თქმით, კომპანიის მთავარი უპირატესობა საკუთარი ვენახები, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამორჩეული ღვინოებია.