მთელ მსოფლიოში დიზელის კრიზისი გრძელდება. ანალიტიკოსების შეფასებით, 1 ბარელის გლობალურმა ფასმა 200 დოლარს უკვე გადააჭარბა და არ არის გამორიცხული, რომ დიზელის ღირებულებამ ბარელზე 250 დოლარსაც კი მიაღწიოს.
რიგი ქვეყნების მსგავსად, სადაც 1 ლიტრი დიზელის ფასი უკვე გაორმაგებულია, დიზელის ფასები ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოშიც. თითქმის ყველა ბრენდირებულ, თუ არაბრენდირებულ ქსელში, 1 ლიტრის ღირებულება 5 ლარს აჭარბებს და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1 წელში დიზელი 65%-ითაა გაძვირებული.
მიუხედავად მაღალი ფასებისა, საქართველოში დიზელის იმპორტი ბენზინის იმპორტს თითქმის უტოლდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ განუცხადა, ქვეყანაში დიზელზე მომუშავე მანქანებს, მთლიანი ქართული ავტოპარკის, მხოლოდ 20%-იანი წილი უკავიათ.
„მიუხედავად იმისა, რომ 20%-იანი წილი არ არის მაღალი, დიზელის მომხმარებლები ძალიან აქტიურები არიან და შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში მოხმარებული დიზელისა და ბენზინის რაოდენობა ერთმანეთს უტოლდება. მაშინ, როდესაც ჩვენს ბაზარზე ბენზინის წლიური მოხმარება, დაახლოებით, 760 ათასი ტონაა, დიზელის მოხმარება არის - 740 ათასი ტონა. ანუ, უმნიშვნელო სხვაობაა. დიზელი, ძირითადად, ისეთ მნიშვნელოვან დარგებში გამოიყენება, როგორებიცაა - სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, სატვირთო გადაზიდვები, მაინინგი და სხვა. აქედან გამომდინარე, დიზელის გაძვირება მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის“, - განმარტა ალექსი ნონიაძემ.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, რომლებიც 2026 წლის სექტემბრის თვის მაჩვენებლებს მოიცავს, ქვეყანაში 61,4 ათასი ტონა დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა თვესთან შედარებით 15,8 ათასი ტონით, ანუ 34,6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.