logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბადიში" მომხმარებლებს მასტერკლასებისა და დეგუსტაციების სერვისს სთავაზობს

კომპანია „ბადიში“  მომხმარებლებს მასტერკლასებისა და დეგუსტაციების სერვისს სთავაზობს. კომპანიამ დაახლოებით ერთი თვეა, რაც აღნიშნული სერვისი დაამატა, რომლითაც არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ უცხოელი ტურისტებიც  ინტერესდებიან. 

ამასთან, კომპანია სასაჩუქრე სერვისსაც ამატებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს გურული ნობათის შეძენა შეეძლებათ.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სასაჩუქრე შეფუთვებზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სერვისის გაშვება დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება.

„სასაჩუქრე შეფუთვებზე უკვე ვმუშაობთ და მათ ვამზადებთ. დაახლოებით ერთ თვეში სერვისი გაეშვება. შეფუთვაში შევა გურული ნობათი, მაგალითად, მჭადი, ტყემალი, ჩურჩხელა, ასევე, სხვადასხვა სახის საწებლები და აჯიკა. შესაძლებელია როგორც რამდენიმე პროდუქტის ერთად, ისე ცალკეული პროდუქტების შეთავაზება. კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაშიც მზად ვართ, მომხმარებლებს მოვემსახუროთ.

გარდა ამისა, ტურისტული სერვისები დავამატეთ. გვაქვს დეგუსტაციები, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლებიც ხშირად სტუმრობენ. გვინდა, მოვაწყოთ მასტერკლასები და გავაფართოოთ დეგუსტაციების შეთავაზება. ინვესტიციების მოძიება უფრო დიდი სივრცის შექმნისთვის გვჭირდება, სადაც სტუმრები წლის ნებისმიერ დროს შეძლებენ მოსვლას.

ასევე, ახლახან შევქმენით ვებგვერდი Badishi.ge, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც პროდუქციის შეკვეთა, ისე დეგუსტაციებისა და მასტერკლასების დაჯავშნა. სადეგუსტაციო სივრცე უკვე გვაქვს, თუმცა მის გაფართოებას ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.

მისი თქმით, „ბადიშის“ მიერ წარმოებული პროდუქციის მიმართ ტურისტების ინტერესი მაღალია. კომპანია მიზნად ისახავს მეტი ვიზიტორის მოზიდვას და გურული პროდუქციის პოპულარიზაციას.

„გვინდა, მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და ჩვენი პროდუქტებით უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ. განსაკუთრებით ინტერესდებიან ტყემლითა და გურული სუნელით, რომელსაც პესტოს ადარებენ. დიდი მოთხოვნაა ე.წ. ჯანჯუხაზეც, რომელიც გურული ადესისგან მზადდება“, - აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ.

მისივე თქმით, კომპანიას ხარჯები გაეზარდა, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქციაზე ფასების შენარჩუნებას ცდილობს.

„ქილების პრობლემაც გვაქვს, მათი ფასი თითქმის გაორმაგდა, თუმცა პროდუქციაზე ფასები ამ დრომდე არ შეგვიცვლია. სამომავლოდ რა იქნება, რთული სათქმელია, მაგრამ აქამდე მაქსიმალურად შევეცადეთ, ფასები შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.

კომპანია „ბადიში“ გურიაში მდებარე საოჯახო საწარმოა, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანია ქართულ ტრადიციულ პროდუქტებს, მათ შორის აჯიკასა და საწებლებს აწარმოებს. 

გამოგვყევით