საქართველოს საპენსიო ფონდმა მსოფლიო ბანკთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 13-16 ოქტომბერს ტაჯიკეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობით დელეგაციას სასწავლო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა საპენსიო სისტემის გაციფრულებასა და საპენსიო რეფორმების გამოცდილების გაზიარებას მიეძღვნა.
ვიზიტში მონაწილეობდნენ ტაჯიკეთის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სოციალური დაზღვევისა და პენსიების სააგენტოს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის აღმასრულებელი აპარატის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ტაჯიკეთის სოციალური დაზღვევისა და პენსიების სააგენტოს დირექტორი, ჰალიმზად აბდურახმონ დოსტი. სასწავლო ვიზიტს ასევე ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში და ტაჯიკეთში სოციალური დაცვის პროექტების მიმართულებებს კურირებენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნის წინაპირობები, რეფორმის მიზნები, საპენსიო ფონდის მანდატი, შენატანების მოდელი და სისტემის განვითარების ძირითადი შედეგები. შეხვედრები გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი გურგენიძემ, საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა და ტაჯიკეთის სოციალური დაზღვევისა და პენსიების სააგენტოს დირექტორმა ჰალიმზად აბდურახმონ დოსტიმ.
მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა დელეგატეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “ძლიერი საპენსიო სისტემები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ხანდაზმულ ასაკში ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, სოციალური ერთიანობის ხელშეწყობასა და მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საქართველომ დაიმკვიდრა თავი, როგორც რეგიონულმა ლიდერმა საპენსიო რეფორმისა და თანამედროვე საპენსიო ადმინისტრირების მიმართულებით. წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოსთან პოლიტიკის დიალოგის, ტექნიკური ანალიზისა და ცოდნის გაზიარების გზით, ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებისა და თანამედროვე საპენსიო ჩარჩოს განვითარების მხარდასაჭერად. დღეს საქართველოს გამოცდილება საპენსიო ადმინისტრირების, ციფრული სერვისების, მომხმარებელთა მომსახურების, მონაცემთა მართვისა და ინსტიტუციური განვითარების სფეროებში მნიშვნელოვან გაკვეთილებს სთავაზობს იმ ქვეყნებს, რომლებიც მსგავსი რეფორმების განხორციელებას გეგმავენ.”
სამუშაო შეხვედრაზე ჰალიმზად აბდურახმონ დოსტიმ ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა “საპენსიო დანაზოგების დაცვისა და ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა სოციალური დაზღვევისა და პენსიების სააგენტომ გასული წლიდან დაიწყო საპენსიო დანაზოგების ინვესტირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ სახელმწიფო უწყებებს საჭირო მონაცემები ელექტრონულად მიავწოდოთ, ხოლო მოქალაქეებისთვის მომსახურებები სწრაფად და მოხერხებულად იყოს ხელმისაწვდომი. ამგვარად, ციფრულიზაციამ უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობის ზრდა, არამედ მოსახლეობის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაც.”
სამდღიანი პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპენსიო ფონდის საოპერაციო პროცესებს, მონაწილეთა მომსახურების მოდელს, ციფრულ სერვისებს, უწყებათაშორის მონაცემთა გაცვლის მექანიზმებს, ტექნოლოგიურ არქიტექტურას, ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებას. დელეგაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ როგორც საპენსიო ფონდის მომხმარებელთა მომსახურების პროცესებსა და ელექტრონულ პლატფორმებს, ისე მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებს.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები საპენსიო ფონდის ინვესტირების ჩარჩოს, აქტივების განაწილების სტრატეგიის, რისკების მართვის სისტემისა და საინვესტიციო შედეგების შესახებ. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს იუსტიციის სახლის ცენტრალური ფილიალი, სადაც უშუალოდ გაეცნენ საპენსიო მომსახურებების მიწოდების პრაქტიკას და საჯარო სერვისების ინტეგრირებულ მოდელს.
სასწავლო ვიზიტმა შექმნა პლატფორმა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის. საქართველოს საპენსიო ფონდი აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას იმ ქვეყნებთან, რომლებიც საპენსიო სისტემების მოდერნიზაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მუშაობენ.