„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა“ - ამის შესახებ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე გაფართოვდა მანდატი - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის არსებული მექანიზმები დარჩება, თუმცა დაემატება სხვა სეგმენტების მექანიზმები, როგორიცაა პირდაპირი სესხები, პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა, ჩართულობა და ინვესტიცია კაპიტალის ფონდებში, ფაქტორინგის პლატფორმის განვითარება და სხვა.
„ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური განვითარების არსებული ტემპები, რასაც სჭირდება ახალი, განახლებული მიდგომა და უფრო ფართო, სახელმწიფოს მეტი ჩართულობა ეკონომიკაში. სწორედ ამისთვის შეიქმნა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რათა ეს ჩართულობა და მეტი მხარდაჭერა შევთავაზოთ ბიზნესს“ - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.