logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ე.წ. ბორჯომის ბაზრობის რეკონსტრუქციის პროექტი შესაძლოა შეიცვალოს

ე.წ. ბორჯომის ვაგზლის დამწვარ ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის რეკონსტრუქციის პროექტი, შესაძლოა, შეიცვალოს. მიზეზად სატრანსპორტო ხიდის მშენებლობის დაგეგმვა სახელდება, რომელიც დადიანის ქუჩას ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას დააკავშირებს.

როგორც „თბილისი ცენტრალის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტისა და რკინიგზის გადაწყვეტილებას ელოდება, რათა პროექტი დაკორექტირდეს, რის შემდეგაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

ტერიტორიაზე განიხილება დაახლოებით სამსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რომელშიც ბაზრობის ტიპის სავაჭრო ობიექტები განთავსდება.

„მუნიციპალიტეტი გადასასვლელი ხიდის ადგილზე სატრანსპორტო ხიდის გაკეთებას გეგმავს, რომელიც დადიანის ქუჩას ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიასთან დააკავშირებს. შესაბამისად, საპროექტო სამუშაოებს აწარმოებენ და ამ მონაკვეთის კონფიგურაცია რეალურად იცვლება. პროცესში ჩართულია საქართველოს რკინიგზა, რომელიც ტერიტორიის უშუალო მესაკუთრეა, ასევე, მუნიციპალიტეტი, რომელსაც ტერიტორიის ნაწილი სჭირდება და ჩვენ.

ველოდებით, საბოლოოდ დადგინდეს ამ ნაკვეთის ფორმა, რომ ვიცოდეთ, თუ რა ტიპის კონფიგურაციის მიწასთან გვაქვს საქმე და რა შეიძლება აშენდეს. ველოდებით მუნიციპალიტეტისა და რკინიგზის გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით, რომ გამზადებული პროექტი დავაკორექტიროთ. ამის შემდეგ გვეცოდინება, რა შეიძლება აშენდეს, როდის და რა პარამეტრებში. პროექტი ყველა შემთხვევაში შეიცვლება, რადგან მიწის ფორმა იცვლება.

როდესაც დადგინდება, ხიდი როდის გაივლის, გზა სად გაკეთდება და როგორ, ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი კვადრატული მეტრი სივრცე რჩება და რა შეიძლება აშენდეს. სანამ შესაბამისი ინფორმაცია არ გვექნება, ჩვენ პროექტს ვერ ვამზადებთ. სამშენებლო ნებართვის გაცემიდან 12-დან 18 თვემდე პერიოდი იქნება საჭირო იმისთვის, რომ ცენტრი აშენდეს“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

მისი თქმით, ხანძრის შედეგად 300-მდე მოვაჭრე დაზარალდა, რომლებიც სამომავლოდ თანამედროვე სტანდარტების სივრცით დაკმაყოფილდებიან.

„300-მდე მოვაჭრეს შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი, მათთან ურთიერთობა გვაქვს ჩვენც და მუნიციპალიტეტსაც. ისინი ყველა ამ პროცესის შესახებ ინფორმირებული არიან, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ პროექტის პარამეტრების დადგენის შემდეგ საკითხი უფრო დეტალურად დაზუსტდება. სხვადასხვა მოვაჭრეს სხვადასხვა ფართი ჰქონდა. როცა პროექტი მზად იქნება, ამ საკითხს დეტალურად გავივლით. ჩვენ არაერთხელ გავაჟღერეთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მზად ვართ, ამ ხალხისთვის მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების სივრცე შევქმნათ“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, სავაჭრო ცენტრში, შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ქსელური მაღაზიებიც განთავსდეს.

„ტერიტორიაზე განიხილება დაახლოებით სამსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რომელშიც ბაზრობის ტიპის სავაჭრო ობიექტები განთავსდება. შესაძლოა, ქსელური მაღაზიებიც იყოს. ტერიტორია იმის საშუალებას იძლევა, რომ არა მხოლოდ დაზარალებული მოვაჭრეები იყვნენ წარმოდგენილი, არამედ ქსელური მაღაზიებიც განთავსდეს“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

მისი თქმით, პროექტის პირველადი ვერსიით, საინვესტიციო მოცულობა 15-დან 20 მილიონ დოლარამდე იყო.

რაც შეეხება იმას, გაზრდის თუ არა პროექტის დაკორექტირება საინვესტიციო მოცულობას, ლევან ყარალაშვილი განმარტავს, რომ ამის წინასწარ თქმა არ შეუძლია.

„ჩვენ თავის დროზე რასაც მოვიაზრებდით, თითქმის 20 ათას კვ. მ-ზე იყო საუბარი. 15-დან 20 მილიონ დოლარამდეა პროექტის საინვესტიციო მოცულობა. 100%-ით კერძო კაპიტალი იქნება. კერძო საინვესტიციო კომპანია, ჩვენი ჯგუფი და ნაწილობრივ საკრედიტო რესურსი იქნება“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

მისი თქმით, ახალ სავაჭრო ცენტრში უსაფრთხოების ნორმებიც მაქსიმალურად იქნება დაცული.

„აბსოლუტურად თანამედროვე, ყველანაირად აღჭურვილი შენობა იქნება, მათ შორის, სახანძრო და უსაფრთხოების სისტემებით. სხვადასხვა სერვისიც იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

ცნობისთვის, 2025 წლის 30 აპრილს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სრულად დაიწვა დაახლოებით 12 000 კვ. მ სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.

„ბიზნესპარტნიორს“ თბილისის მერიაში უდასტურებენ, რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს პროექტზე, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო ხიდით დადიანის ქუჩა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.

გამოგვყევით