logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ნოემბერში შესაძლოა, ფეროშენადნობთა რამდენიმე საწარმომ მუშაობა განაახლოს" - ნუგზარ კევლიშვილი

ფეროშენადნობთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნუგზარ კევლიშვილის განცხადებით, ნოემბერში შესაძლოა, რამდენიმე საწარმომ მუშაობა განაახლოს, რაც დარგისთვის ძალიან კარგი იქნება.

როგორც ნუგზარ კევლიშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ევროპის ქვეყნებშიც პრობლემებია. ადგილობრივი მეტალურგიული ქარხნები იმ რაოდენობის მეტალს ვერ უშვებენ, მით უმეტეს, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასები მაღალია. სამინისტროს მიერ მიმდინარეობს კონსულტაციები რამდენიმე კომპანიასთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნოემბერში შესაძლოა, რამდენიმე საწარმომ მუშაობა განაახლოს, რაც დარგისთვის ძალიან კარგი იქნება. ფაქტობრივად, ეს არის ბრძოლა დარგის გადარჩენისთვის“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში არსებული რამდენიმე საწარმო საწარმოო პროცესის განახლებას გეგმავს.

„კონსულტაციები მიმდინარეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. იმედი მაქვს, რომ 2-3 საწარმო მაინც მოახერხებს მუშაობას.  კიდევ სამი მცირე საწარმო მუშაობს აღმოსავლეთ საქართველოში, „ჯორჯიან მანგანეზის“ გარდა, მათგან ორი - სტაბილურად. რთული პერიოდია, გააჩნია, როგორ შენარჩუნდება ფასები- ბევრი ფაქტორია დამოკიდებული“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დარგში მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ეს სტატისტიკაზე ნაკლებად აისახება.

„საბედნიეროდ, შარშანდელთან შედარებით, ნამდვილად გაზრდილია ექსპორტი, რაც ქვეყნისთვის განსაკუთრებით კარგია. ეს დიდწილად იმის დამსახურებაა, რომ შარშან, პირველ კვარტალში, „ჯორჯიან მანგანეზს“, უდიდეს მწარმოებელს, ოპერირება შეჩერებული ჰქონდა. საბედნიეროდ, კომპანიამ ყველაფერი გააკეთა, რომ წელს ეს არ მომხდარიყო. ამან გამოიწვია ის, რომ სტატისტიკა გაიზარდა.

ასევე, ბოლო პერიოდში ირანში განვითარებულმა მოვლენებმა მცირე საწარმოებს გაუჩინა იმის პერსპექტივა, რომ ირანში გაეტანათ პროდუქცია, სადაც ფასიც შედარებით მიმზიდველია. სამწუხაროდ, მსოფლიოში არსებული ფასები ჯერ იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ მცირე საწარმოებმა თავიანთი პროდუქცია იმ ბაზრებზე გაიტანონ. ჩვენს უდიდეს პარტნიორ თურქეთშიც კვლავ დაბალია ფასები და ჩვენს ინდოელ კოლეგას კონკურენციას ვერ ვუწევთ“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

მისი განმარტებით, უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ახალ პროექტებზე მუშაობა მალევე დაიწყება.

„ეს გამოიწვევს მეტალის პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდას და, ავტომატურად, ფეროშენადნობებზე მოთხოვნისა და ფასების გაზრდასაც“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.

გამოგვყევით