გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმ EMaVE-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, განათლებისა და კვლევის გაძლიერებისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების საკითხებს.
„ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის მნიშვნელოვანია აკადემიურ სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ვცდილობთ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ავითვისოთ ახალი ბაზრები, გავაუმჯობესოთ ქართული ღვინის ხარისხი და გავზარდოთ საექსპორტო ფასი”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
EMaVE-ის კონსორციუმი აერთიანებს ევროპულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც მევენახეობისა და ენოლოგიის მიმართულებით ერთობლივ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას - Vinifera EuroMaster ახორციელებენ. პროგრამა მოიცავს მევენახეობის, ენოლოგიისა და ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკის მიმართულებებს და სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნის აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამის პარტნიორებს შორის არიან საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტები და აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო დაწესებულებები. მათი ჩართულობა ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, დარგში თანამედროვე ცოდნის გავრცელებასა და სამეცნიერო კვლევების განვითარებას.
შეხვედრას კონსორციუმის წარმომადგენლები შვეიცარიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან, მათ შორის, ტურინის, გეიზენჰაიმის, ლისაბონის, მადრიდისა და მონპელიეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.