ნავთობის გლობალური ფასების ზრდა, ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობიც იყოს, -ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველო, თავისი ზომიდან გამომდინარე, ნავთობპროდუქტების დიდი მომხმარებელია.
„ნავთობის გაძვირება მომხმარებლის ჯიბეს კი ურტყამს, მაგრამ ეკონომიკური ზრდის კონტექსტში, პირიქით - პოზიტიურად შეიძლება გადაითარგმნოს. მიუხედავად იმისა, რომ რიგითი მომხმარებლისთვის ეს ინფლაციურ წნეხს ზრდის, ეკონომიკური ზრდისთვის ეს უარყოფითი მაჩვენებელი არ არის“, - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.
მისივე თქმით, ინფლაცია ნამდვილად არის საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა.
„მიუხედავად შედარებით ზომიერი ინფლაციისა წინა წლებში, სურსათზე ფასების ზრდა მაინც საკმაოდ მაღალი იყო და შესაბამისად, მოსახლეობისთვის ის შედარებით დაბალი ინფლაციაც კი, მაინც პრობლემური იყო. ახლა, 5%-იანი ინფლაცია გვაქვს, რაც არც თუ ისე მარტივია“, - განმარტა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა.
მისივე თქმით, საქართველო, რომელიც მცირე ეკონომიკის მატარებელია, დიდად არის დამოკიდებული საერთაშორისო ფაქტორებზე. ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტადაც კი, ვიდრე საშინაო ფაქტორებზე. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე.
ჭარაიას განცხადებით, ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, ადგილობრივი წარმოება ძალიან მცირეა, შესაბამისად, ეს კიდევ უფრო ართულებს ინფლაციური პროცესების მართვას.